Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ერთ-ერთი კოლონიიდან გაუჩინარდა პატიმარი, რომელმაც ხმა აიმაღლა მსჯავრდადებულთა წამების გამო


დაზარალებული ვლადიმირ სპირიდონოვი (მარცხნივ) და უფლებადამცველი პიოტრ კურიანოვი
დაზარალებული ვლადიმირ სპირიდონოვი (მარცხნივ) და უფლებადამცველი პიოტრ კურიანოვი

პატიმარი ვლადიმირ სპირიდონოვი გაუჩინარდა მე-12 სასჯელაღსრულების კოლონიიდან, სადაც ანგარსკში მდებარე კოლონიიდან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც იქ მომხდარ წამებაზე საჩივარი დაწერა.

სპირიდონოვმა რამდენიმე სასამართლო სხდომა გამოტოვა, რაზეც როსტოვის ოლქის ფედერალური პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ საქციელის გამო პატიმარი უკრაინაში მიმდინარე ომში გაგზავნეს.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურიდან მიღებული პასუხი ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ევა მერკაჩევამ. მისი თქმით, იანვრის ბოლოს სპირიდონოვი გადაიყვანეს ირკუტსკის რაიონის პირველი საავადმყოფოდან, სადაც თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა ემკურნალა. ამის შემდეგ პატიმარმა სასამართლო სხდომებზე გამოჩენა შეწყვიტა.

"ასეთი პასუხები მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოდის, თუ მსჯავრდადებული გადაიყვანეს სპეციალური ოპერაციის ზონაში (ოფიციალურად ასე ეწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომს რუსეთში - რედ.). ზოგადად, ჩვენი შიში დადასტურდა", - წერს მერკაჩევა.

საიტ „სევერ.რეალიის“ ცნობით, სპირიდონოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის მარტში სცემეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ამცირებდნენ ანგარსკში მდებარე კოლონიის ხელმძღვანელების ბრძანებით. მსჯავრდადებულის თქმით, ექიმებმა დააფიქსირეს მრავლობითი „დაზიანება თავზე, ხელებსა და ფეხებზე, სისხლჩაქცევები და მოტეხილობა“.

საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა რუსლან აბაევისა და კიდევ ორი პატიმრის წინააღმდეგ, რომლებიც წამებაში დაადანაშაულეს, მაგრამ თავად გამოძიება გაასაიდუმლოეს. შემდეგ კი იგი საერთოდ შეწყვიტეს, რადგან აბაევი უკრაინაში საომრად გადაიბირა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც ანგარსკის კოლონიაშიც აგროვებდა მოხალისეებს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში. ვაგნერის“ მებრძოლები მოქმედებენ სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკასა და უკრაინის ომში. დაქირავებულები მრავალრიცხოვანი სამხედრო დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი.

"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

იანვრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და სანქციები დაუწესა მის დამფუძნებელს, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟნს, რომლის სახელიც "ტროლების ფაბრიკასაც" უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG