Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინულ სამხედრო ფორმას იცვამენ“ - რუსეთის ტაქტიკა, დეზინფორმაცია და დანაკარგები ბახმუტში


უკრაინელი სამხედროები ბახმუტში. 25 თებერვალი, 2023 წელი.
უკრაინელი სამხედროები ბახმუტში. 25 თებერვალი, 2023 წელი.

ბახმუტში მძიმე ბრძოლების მიუხედავად, რუსეთი ვერ აღწევს უცვლელ მიზანს - ალყაში მოაქციოს და დაიმორჩილოს უკრაინული ქალაქი. ზაფხულში ერთი წელი შესრულდება, რაც რუსი სამხედროები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ბახმუტის აღებას ცდილობენ.

უკრაინელი სამხედრო, ანდრეი ბაბიჩევი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უყვება, რომ მოწინააღმდეგის ტაქტიკის ნაწილად იქცა, შენიღბვის მიზნით უკრაინული უნიფორმის გამოყენებაც.

„[ქალაქში] შემოდიან 2-3-წევრიან ჯგუფებად, ასე გროვდებიან სახლებში და შემდეგ უკვე - ან გადაცმულები, ან ასევე, როგორც შემოვიდნენ [სამოქალაქო ტანსაცმლით], იწყებენ რაღაც შეტევებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმებს იცვამენ, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ განვსაზღვროთ - ვინ სად არის. ახლა უკვე ზუსტად ვადგენთ ამას. მტერი უბრალოდ კვდება“, - ამბობს ბაბიჩევი.

უკრაინელი სამხედრო ადასტურებს სახმელეთო ძალების სარდლის, გენერალ ალექსანდრ სირსკის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინულმა არმიამ ეფექტიანი გზები გამონახა ოპერატიული ალყის თავიდან ასარიდებლად; თუმცა აცხადებს, რომ საბრძოლო მასალები ჯერჯერობით მხოლოდ შეტევის მოსაგერიებლად ჰყოფნით:

„კარგი კონტრშეტევისთვის საჭიროა გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა. სწორედ ამისთვის დგას ბახმუტი, დრო იწელება, რათა დავაგროვოთ შეიარაღება. ვემზადებით კარგი კონტრშეტევისთვის და არა რაღაც ლოკალურისთვის. როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევას დაიწყებს, იქნება ისეთი, რომ ჩვენ დონეცკამდე მივალთ“.

„უნიანი“ თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ნიჰილიზმის გავრცელებას ცდილობს, როცა მიმართავს დეზინფორმაციას, თითქოს ბახმუტის საკითხზე დაპირისპირებაა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შორის.

რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების ძირითად მიზნად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს საზოგადოებაში ეჭვების გაჩენას იმის შესახებ - ღირს თუ არა საერთოდ ბახმუტის დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ეს მიმართულება.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა მასშტაბის საინფორმაციო რესურსსა და ძალისხმევას ხარჯავენ, ჩანს, რომ ამ მიმართულებას სტრატეგიულად სწორედ რუსეთი თვლის. ეჭვების გაჩენას ცდილობენ უკრაინის სამხედრო გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიმართ. ამ ხაფანგში ჩვენი დემოკრატიული საზოგადოება ყოველთვის ებმება, მაგრამ ომის პირობებში, ჩვენ უბრალოდ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ სამხედროთა გადაწყვეტილებებს. ეს მათი პასუხისმგებლობაა“, - ამბობს მალიარი და ამატებს, რომ ბახმუტის მიმართულებით, რამდენჯერმე უფრო მაღალია მოწინააღმდეგის დანაკარგები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 158 000 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1010 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტი“ ორი დღის წინ წერდა, რომ რუსეთის ტაქტიკა ბახმუტში უკრაინული ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვას ისახავდა მიზნად, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი „არ გაება ხაფანგში“, არ გადაისროლა მნიშვნელოვანი ძალები ბახმუტის მიმართულებით და ამის ნაცვლად, გააძლიერა ძალისხმევა სამხედროების საზღვარგარეთ წვრთნისთვის. საბოლოო შედეგით, გამოცემის თანახმად, რუსეთის არმიამ ბახმუტისთვის ბრძოლებში გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა.

  • რუსეთი 2022 წლის ზაფხულიდან ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას და ამ მიზნით, რეგულარული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს".
  • დასავლეთის დაზვერვის მონაცემებით, ბახმუტში ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა, რუსეთის უკრაინულს ხუთჯერ აღემატება.
  • 6 მარტს, უკრაინის პრეზიდენტთან, უმაღლეს მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არსებულმა სათათბირო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბახმუტის დაცვა უნდა გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG