Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი იტყობინება, რომ ბახმუტში რუსების იერიშს შესაძლოა, დიდი დანაკარგები მოჰყვეს


უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან, 5 მარტი, 2023 წელი
უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან, 5 მარტი, 2023 წელი

რუსეთის ძალებმა წინსვლას მიაღწიეს ფრონტზე ბახმუტში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მრავალთვიანი კამპანიის მთავარი სამიზნეა.

დიდია დანაკარგი, მათი შეტევის გაძლება რთული იქნება შემდგომი მძიმე დანაკარგების გარეშე, განაცხადეს ბრიტანელმა ოფიციალურმა სამხედრო პირებმა 11 მარტს.

AP-ის თანახმად, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ით ბოლო ცნობაში განაცხადა, რომ კერძო გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" დაიპყრო აღმოსავლეთ ბახმუტის უმეტესი ნაწილი, ხოლო მდინარე, რომელიც ქალაქის ცენტრში მიედინება, ახლა ფრონტის ხაზს წარმოადგენს. თუმცა, როგორც ცნობაშია ნათქვამი, "ვაგნერის" ძალებისთვის "უაღრესად რთული" იქნება წინსვლა, რადგან უკრაინამ გაანადგურა საკვანძო ხიდები მდინარეზე, ხოლო უფრო დასავლეთით, უკრაინელი სნაიპერების ცეცხლმა გამაგრებული შენობებიდან, ცენტრში არსებული ღია თხელი ზოლი "სასიკვდილო ზონად" აქცია.

ამ დროს უკრაინის ჯარები და მომარაგების არხები ქალაქში კვლავაც დაუცველია "რუსეთის განუწყვეტელი მცდელობების ფონზე, შემოუაროს დამცველებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან" და ისინი ალყაში მოაქციოს, განაცხადა სამინისტრომ. რუსმა სამხედრო ბლოგერებმა და კრემლის მომხრე, Telegram-ის არხებმა 10 მარტს გამოაცხადეს, რომ რუსული ძალები შეიჭრნენ ლითონის გადასამუშავებელ ქარხანაში, ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა ასევე მოიხმო კადრები, სადაც ნაჩვენებია რუსეთის ძალები AZOM-ის ქარხნიდან - ძლიერად გამაგრებული კომპლექსიდან - 800 მეტრში. ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, მოსკოვს სურს ქარხნის ხელში ჩაგდება იმის ნაცვლად, რომ შემოარტყას "ბახმუტის დასავლეთ ნაწილს უფრო ფართო ალყა" ახლომდებარე სოფლების აღებით, რაც, სავარაუდოდ, რუსეთისთვის კიდევ მეტ მსხვერპლს მოიტანს.

უკრაინის სახმელეთო ძალებმა 11 მარტს გამოაცხადეს ქალაქის დაკავების განზრახვის შესახებ და Facebook-ში განაცხადეს, რომ მათი უმაღლესი ოფიციალური პირი აგრძელებს "ფრონტის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორების" ზედამხედველობას და "აუცილებელი ზომების მიღებას", რათა მოსკოვმა ვერ იხილოს დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება ბრძოლის ველზე.

გენერალ-პოლკოვნიკმა, ოლექსანდრ სირსკიმ გასული თვის განმავლობაში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა ბახმუტსა და აღმოსავლეთის ფრონტის ხაზის სხვა ცხელ წერტილებში. შაბათს მთელ უკრაინაში გაგრძელდა აღდგენითი სამუშაოები, რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი მოწყობილობების მასიური თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა და რის შედეგად ასობით ათასი - გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა კვლავაც რჩება ოთხ რეგიონში მას შემდეგ, რაც 80 რუსული რაკეტა და მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი მოწყობილობები მოხვდა საცხოვრებელ შენობებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს მთელ ქვეყანაში.

რუსული თავდასხმის შედეგად, 11 მარტს ცეცხლი წაეკიდა ხერსონში მიმავალ მანქანას, რის შედეგადაც დაიღუპა მასში მყოფი ერთი ადამიანი და ორი დაიჭრა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, ოლექსანდრ პროკუდინმა Telegram-ის პოსტში. მანამდე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსული თავდასხმის შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინის ხერსონისა და დონეცკის რეგიონებში დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი და დაიჭრა - 19.

დონეცკის რეგიონი, სადაც მდებარეობს ბახმუტი, ბოლო თვეების განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი იყო, ხოლო ხერსონის რეგიონის უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ არეალებს ყოველდღე ბომბავენ დნეპრის გასწვრივ განლაგებული რუსული ჯარები.

XS
SM
MD
LG