Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ RFE/RL გაკოტრებულად გამოაცხადა


RFE/RL-ის მოსკოვის ბიურო. 2021 წლის შემოდგომა
RFE/RL-ის მოსკოვის ბიურო. 2021 წლის შემოდგომა

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ 13 მარტს, დილით გაკოტრებულად გამოაცხადა შპს „RFE/RL“, რომელიც რუსეთში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ინტერესებს წარმოადგენდა. საჩივრით სასამართლოს მიმდინარე წლის მარტში მიმართა ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა. დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება, დაინიშნა გაკოტრების მმართველი.

გაკოტრების მიზეზი გახდა „RFE/RL-ის" უარი, გადაეხადა მრავალმილიონიანი ჯარიმები, რომლებიც ეკისრებოდა მედიაკორპორაციის 9 რუსულენოვან პროექტსა და რუსულენოვან საიტს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო. RFE/RL კანონის დებულებებს მიიჩნევს პოლიტიკური ცენზურის გამოვლინებად, რომელიც ხელს უშლის ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობის შესრულებას. მედიაკორპორაცია ხელისუფლების გადაწყვეტილებებს რუსეთის სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს.

შპს RFE/RL-ზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების ჯამური ოდენობა მილიარდ რუბლს აჭარბებს, შპს-სა და მისი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში განიხილებოდა ან განიხილება 1200 საქმემდე.

გასული წლის მაისიდან შპს RFE/RL-ის ანგარიშები დააყადაღეს. გაკოტრების პროცედურის ფორმალური მიზეზი გახდა რუსეთის ხაზინაში გადასახადების გადარიცხვის შეუძლებლობა. გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში, რუსეთმა სამხედრო ცენზურა შემოიღო და Роскомнадзор-მა დაბლოკა რადიო თავისუფლების ვებსაიტები. რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ რუსეთში თავისი ბიუროს დახურვის და რიგაში გახსნის შესახებ განაცხადა. ბიურო რუსეთში 1991 წელს გაიხსნა, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ნებართვით. რუსეთში ბიუროს დახურვის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების ქმედებები წარმოადგენს რადიო თავისუფლების მუშაობის შეფერხების მიზნით მრავალწლიანი კამპანიის კულმინაციას.

  • რადიო თავისუფლების 30-ზე მეტი თანამშრომელი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხოური აგენტების“ სიაში ინდივიდუალურადაა შეყვანილი. საიტების დაბლოკვისა და სხვა სახის ზეწოლის მიუხედავად, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური (Радио Свобода) მუშაობას სრულყოფილად აგრძელებს. 2022 წელი სტატისტიკურად ყველაზე წარმატებული გამოდგა სარედაქციო კოლეგიის 70-წლიან ისტორიაში.
  • რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს​. რადიო თავისუფლება 27 ენაზე მაუწყებლობს 23 ქვეყანაში, ძირითადად - იმ ქვეყნებში, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია.
XS
SM
MD
LG