Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის სტრატკომი: სოციალურ ქსელებში ღარიბაშვილის გაყალბებული ციტატები ვრცელდება


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი განმარტავს, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება საქართველოს პემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაყალბებული ციტატები. საუბარია ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 12 თებერვალს გასულ ინტერვიუზე.

"პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ ფეიკნიუსების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ გაყალბებულია ის ციტატები, რომლებიც ახალგაზრდებს ეხებათ.

ამ განცხადებაში წერია, რომ "პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა დესტრუქციულ პროცესებში".

"იმედისთვის" მიცემული ინტერვიუს ერთი ნაწილი პრემიერმა ახალგაზრდებზე საუბარს დაუთმო.

"ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის” ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი - რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს. მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება, უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია", - თქვა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 12 მარტს, ტელეკომპანია "იმედს" ინტერვიუ მისცა. ეს არის ერთადერთი არხი, რომელსაც იგი ვრცლად ესაუბრა 7-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ. "იმედთან" ინტერვიუს მთავარი საკითხი სწორედ ე.წ. აგენტების კანონპროექტი და მის წინააღმდეგ 7-9 მარტს გამართული აქციები იყო.

XS
SM
MD
LG