Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს მხარი არ დაუჭირა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც ხელს შეუშლიდა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან საქმიანობას.

ევროკავშირის ოფიციალური წყაროს ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან 13 მარტს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საუბრის ცენტრში იყო საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭება და საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა, „ჩამოყალიბდეს ერთიანი, ინკლუზიური და გაღრმავებული მიდგომა იმ რეფორმებისადმი, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის მიმართულებით წინსვლისათვის“.

შარლ მიშელი მიესალმა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონზე, რათა განავითაროს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა „დროის გადამწყვეტი მომენტი“ და საჭიროა უფრო ენერგიული მუშაობა პოლიტიკური რეფორმის განსახორციელებლად; განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით.

საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა 13 მარტის შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე და რეგიონსა და მთლიანად საქართველოზე მის გავლენაზე, ასევე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე.

ევროკავშირის წყაროს ცნობით, შარლ მიშელს ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ჰიბრიდულ საფრთხეებთან და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

  • სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა. აშშ-ში ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა და მანამდე მონაწილეობდა ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა მდგომარეობის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.
  • სამუშაო შეხვედრები სალომე ზურაბიშვილმა თბილისში 7-9 მარტს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო შეწყვიტა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით "ჩააგდო".
XS
SM
MD
LG