Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთის ორ ჯარისკაცს ადანაშაულებს ოთხი წლის გოგონასა და დედამისზე სექსუალურ ძალადობაში


რუსეთის ჯარები უკრაინის ქალაქ ბროვარიში. 2022 წ. 10 მარტი.
რუსეთის ჯარები უკრაინის ქალაქ ბროვარიში. 2022 წ. 10 მარტი.

უკრაინა რუსეთის სამშვიდობო ქვედანაყოფის ორ ჯარისკაცს ბრალს სდებს 2022 წლის მარტში კიევის მახლობლად ოთხი წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში და დედამისის გაუპატიურებაში. ცნობილია ერთ-ერთი ბრალდებულის ვინაობა, ის ომში დაიღუპა.

გამოძიების თანახმად, რომელსაც ეყრდნობა სააგენტო Reuters-ი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის სამხედროები 2022 წლის 13 მარტს შეიჭრნენ ქალაქ ბროვარიში მდებარე სახლის ეზოში, სადაც ცხოვრობდა ახალგაზრდა ოჯახი. ამტკიცებენ, რომ ოჯახის მამას ლითონის ქოთნით სცემეს და აიძულეს, მუხლებზე დამდგარიყო, როცა მის ცოლს აუპატიურებდნენ.

მის ოთხი წლის ქალიშვილს ორიდან ერთ-ერთმა ჯარისკაცმა უთხრა, რომ „მას ქალად აქცევდა“, რის შემდეგაც სექსუალური ძალადობა განახორციელა მასზე, ნათქვამია დოკუმენტებში.

ამ თავდასხმის შემდეგ რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ მეზობელ სახლში, სადაც, როგორც იუწყებიან, სცემეს 41 წლის ორსულ ქალს და მის 17 წლის ქალიშვილს. სხვაგან, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, ჯარისკაცებმა ყველანი სამზარეულოში შერეკეს და ჯგუფურად გააუპატიურეს 15 წლის გოგონა და მისი დედა, წერია საგამოძიებო მასალებში. ყველა მსხვერპლი ცოცხალი გადარჩა, ისინი ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ.

საერთო ჯამში ამ ბოროტმოქმედებებში ექვსი ეჭვმიტანილია. ყველანი ეკუთვნიან გვარდიის მე-15 მოტომსროლელ ბრიგადას, რომელთა ბაზა სამარაა. ეს ქვედანაყოფი შეიქმნა სამშვიდობო მისიებისთვის გაეროს, ეუთოს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დსთ-ს ეგიდით.

მარტის დამდეგიდან უკრაინის პოლიციამ გამოაცხადა ორი ეჭვმიტანილის ვინაობა. პოლიციის თქმით, ისინი მონაწილეობდნენ ბავშვსა და დედამისზე ძალადობაში. ესენი არიან სამარის მოსახლე, 32 წლის ვადიმ შახმატოვი და 27 წლის ევგენი ჩერნოკნიჟნი. Reuters-ის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ მეორე ეჭვმიტანილის ძმას, რომელმაც თქვა, რომ ის ომში დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია ბრალდებებზე, მოსკოვი უარყოფს რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენას.

2022 წლის 26 აპრილს რუსეთის ორენბურგის ოლქის კუვანდიკის საქალაქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩერნოკნიჟნი უკრაინაში დაიღუპა. ცნობაში ნათქვამია, რომ სამხედრო „მამაცურად იცავდა სამშობლოს ნაცისტებისგან“. „ჩვენს გულებში ის ყოველთვის გმირად დარჩება. მარადიული ხსოვნა მას!“ - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მისი მშობლიური სოფლის საშუალო სკოლაში დაამაგრეს მისი საპატივცემულო მემორიალური დაფა.

XS
SM
MD
LG