Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპელი სოციალისტები" უარყოფითად აფასებენ  EU-ს დროშის დაწვის ფაქტს


ფრიდონ ინჯია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე
ფრიდონ ინჯია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი. ისინი უარყოფითად აფასებენ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედებები.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რადიკალიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება არ შეესაბამება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გეგმას.

მსგავსი ფაქტები ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მისწრაფებებს დემოკრატიული და ცივილიზებული განვითარების რთულ გზაზე, რადგან, საბოლოო ჯამში, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმები, როგორიცაა დროშების დაწვა, სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების დარბევა თუ ეგრეთ წოდებული „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მისამართით, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“ ვგმობთ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

14 მარტს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. იგი სამართალდამცავებმა აღმართეს.

ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 5 ივლისსაც ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა ასევე დემონსტრაციულად, უკან დააბრუნა, მოგვიანებით კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ერთი პუნქტი დაემატა.

კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.

ევროკავშირის, NATO-ს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა, ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG