Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრობლემის სახელია ბიძინა ივანიშვილი" - ანდრიუს კუბილიუსი


ანდრიუს კუბილიუსი
ანდრიუს კუბილიუსი

„ძალიან კარგად ვიცით, რამდენად სურს ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება. მაგრამ დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პრობლემა აქვს იმაში, თუ როგორ მიაღწიოს ასეთ სტრატეგიულ მიზანს. და ამ პრობლემის სახელია ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა დღეს ლიეტუველმა დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე.

კუბილიუსის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება უნდა ქართველ ხალხს, მაგრამ არა - ხელისუფლებას. ამიტომაც ის განგებ ქმნის ახალ-ახალ პრობლემებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„ამიტომ არიან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში, ამიტომაა, რომ ახლახან მოწმე გავხდით „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის გარშემო ამბისა. [ეს] იყო საქართველოს ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკური პროვოკაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირი მოითხოვს საქართველოსგან - რომ მოხდეს პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაცია. კარგია, რომ ქართველმა ხალხმა ქუჩაში მოახერხა, დაეცვა ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ეს არაა ხელისუფლების მხრიდან უკანასკნელი პოლიტიკური ანტიევროპული პროვოკაცია“, - თქვა კუბილიუსმა.

დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის შტაბ-ბინაში, დეპუტატები საქართველოში წინა კვირაში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობდნენ. 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა "ქართული ოცნების" სატელიტის, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ინიციატივის თანახმად, "უცხოეთის აგენტი" ხდებოდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება 20%-ით მაინც.

ამას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებსაც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით უპასუხა. მაგრამ ორდღიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

XS
SM
MD
LG