Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძემ ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალი პროგრამები წარადგინა


თბილისის მთავრობის სხდომა. 15 მარტი, 2023 წელი
თბილისის მთავრობის სხდომა. 15 მარტი, 2023 წელი

თბილისის მერიამ და საკრებულომ ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალი პროგრამები შეიმუშავეს. პროგრამების შინაარსზე მერმა კახა კალაძემ დღეს, 15 მარტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, ხოლო თბილისის განვითარების ფონდი შეადგენს პროექტს, ხარჯთაღრიცხვას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

"ბიზნესი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ (და არა ისტორიულ უბანში) გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.

გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეორე პროგრამას, კახა კალაძის თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით თბილისის მერიამ უზრუნველყოს.

"მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვის და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია ორი თვის განმავლობაში, თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება", - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ასევე თქვა, რომ მერია მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს ტერიტორიის სანაცვლოდ ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით K2 კოეფიციენტის [ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან] მომატების შესაძლებლობას მისცემს

"იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების - ბაღის, სკვერის, პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედანის ან სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობას, აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებულ სამშენებლო პარამეტრებს შევთავაზებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, K2 კოეფიციენტის მომატების პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი.

XS
SM
MD
LG