Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ "ოსკარი" მიუძღვნა ყველას, ვინც დიქტატურისა და ომების წინააღმდეგ იბრძვის


"ოსკარით" ფილმ "ნავალნის" დაჯილდოების ცერემონია 2023 წ. 12 მარტს.
"ოსკარით" ფილმ "ნავალნის" დაჯილდოების ცერემონია 2023 წ. 12 მარტს.

სოცქსელებში გაჩნდა პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შეტყობინება. მან კომენტარი გააკეთა მის შესახებ გადაღებული ფილმისთვის „ოსკარის“ მინიჭებაზე. ნავალნიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის კინოაკადემიას და ჯილდო მიუძღვნა ყველას, ვინც დიქტატურებს ებრძვის მთელ მსოფლიოში.

„ფილმი ჩემი არ არის, ‘ოსკარი’ მე არ მიმიღია“, - ნათქვამია ცნობაში. „და მე იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ ვინმეს მივუძღვნა ეს ჯილდო. მაგრამ მთელს ჩემს წვლილს ვუძღვნი პატიოსან და მამაც ადამიანებს, - სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი, - რომლებიც საკუთარ თავში პოულობენ ძალას, რომ ყოველდღე გაუწიონ წინააღმდეგობა დიქტატურის ურჩხულს და მის უცვლელ თანამგზავრს - ომს“.

ნავალნიმ ცალკე გადაუხადა მადლობა იმათ, ვინც კინოფილმის შექმნაში მონაწილეობდა: რეჟისორ დენიელ როერს, გადამღებ ჯგუფს, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლებსა და თანამებრძოლებს და საკუთარ ოჯახს.

კანადელი რეჟისორის, დენიელ როერის, ფილმი „ნავალნი“ 12 მარტს „ოსკარით“ დაჯილდოვდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში. მასში მოთხრობილია 2020 წელს ტომსკში პოლიტიკოსის მოწამვლაზე, მის რეაბილიტაციასა და რუსეთში დასაბრუნებლად მომზადებაზე. როერი ასევე ჰყვება ნავალნიზე თავდასხმის თაობაზე გამოძიების შესახებ, რომელსაც ის ერთობლივად აწარმოებდა ჟურნალისტურ საგამოძიებო სააგენტო Bellingcat-თან ერთად.

მანამდე ფილმმა მოიპოვა კინოაკადემია BAFTA-ს ჯილდო - ბრიტანეთის მთავარი პრემია კინოხელოვნების დარგში - და აშშ-ის პროდიუსერთა გილდიის ჯილდო. გარდა ამისა, სურათმა დამოუკიდებელი კინოს ამერიკული ფესტივალის, „სანდენსის“ მაყურებელთა მთავარი პრიზი დაიმსახურა.

თავად ნავალნი ხანგრძლივ პატიმრობაშია რუსეთის ვლადიმირის ოლქის კოლონიაში. ის და მისი თანამებრძოლები დარწმუნებული არიან, რომ მას პოლიტიკური მიზეზების გამო დევნიან. ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. მათმა განხილვამ შესაძლოა პატიმრობა გაუხანგრძლივოს პოლიტიკოსს.

XS
SM
MD
LG