Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ვანო მერაბიშვილი არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს


ვანო მერაბიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი
ვანო მერაბიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა.

ოპოზიციური პარტია აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილს არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს.

ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.

კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია ენმ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად", - ნათქვამია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ მერაბიშვილის მოსაზრებები მისი სუბიექტური აზრია.

„აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს.

კიდევ ერთხელ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი", - აცხადებს ენმ.

15 მარტს ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა ვანო მერაბიშვილსა და მის როლზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".

„რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ - კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის და ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს "ნაცმოძრაობაში". ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, გახსნიან მეორე ფრონტს და ა.შ. ესეც იყო 7 ნოემბრის ავტორი, 26 მაისის ავტორი, "იმედში" შემოჭრის ავტორი, ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ სანტა", რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი. დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის", - თქვა კობახიძემ.

მერაბიშვილის საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 10 მარტს ილაპარაკა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში გამართულ გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე გამართული დისკუსიის ფარგლებში.

მერაბიშვილის განცხადებით, მართალია, საქართველოში აქციები ამ ეტაპზე შეწყდა და ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონიც პარლამენტმა უკან გაიწვია, "ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ეს ბრძოლა იქნება ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის:

„როცა უკრაინა და მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველოს მაშინ ამ სტატუსზე უარი უთხრეს. ახლა საქართველოს მიეცა პერიოდი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეზოლუციისთვის. ახლა ვიწყებთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ვაიძულებთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხში დათმობებზე წასვლას, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

მერაბიშვილმა ისაუბრა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების გზებზეც - მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG