Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე სიტყვა დაუნდობელი ფილმის დასაცავად


„ვაჟიშვილი“ (2022, საფრანგეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი ფლორიან ზელერი)

„მამა“, „დედა“, „ვაჟიშვილი“ - ფრანგი დრამატურგის, ფლორიან ზელერის პიესებია, რომლებიც წლებია უკვე წარმატებით იდგმება მსოფლიოს თეატრებში. ზელერმა ასეთივე წარმატება მოიპოვა, როცა თავად გადაწყვიტა პირველი პიესის ეკრანიზაცია - „მამა“ წარდგენილი იყო „ოსკარის“ რამდენიმე ნომინაციაზე, აღინიშნა „ოსკარით“ საუკეთესო სცენარისთვის, ხოლო ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ენტონი ჰოპკინსი ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო მსახიობად აღიარა.

ენტონი ჰოპკინსს „ვაჟიშვილშიც“ ვიხილავთ. აქ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, ფილმის მთავარი გმირის, ადვოკატ პიტერ მილერის (ჰიუ ჯეკმანი) მამას თამაშობს. ეს პატარა სცენა საუკეთესოა „ვაჟიშვილში“ და ბევრ რამეს ხსნის კიდეც. მამასთან საუბარი ოიდიპოსის ტრაგედიის პირველი მინიშნებაა. პიტერი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მისმა თინეიჯერმა შვილმა ნიკოლასმა მამისგან ის სისასტიკე და სიმკაცრე არ იგრძნოს, რაც თავად გამოცადა ბავშვობაში... პიტერი ცდილობს ახლოს არ გაიკაროს აღზრდის ის მეთოდები, რომლებსაც მამამისი იყენებდა. მაგრამ ეს წინააღმდეგობა ამაო აღმოჩნდება - ტრავმა თაობიდან თაობაში გადადის და წყევლას ჰგავს. ადამიანი უსუსური ხდება ბედისწერის წინაშე. ასე, ნელ-ნელა გადაიზრდება მელოდრამა ტრაგედიაში, რომლის ავტორს სურვილიც კი არა აქვს, რაღაც პოზიტიური ემოციები აღძრას მაყურებელში. ვფიქრობ, პირველ რიგში ესაა მიზეზი გაღიზიანებისა, რომელიც კრიტიკოსებმა „ვაჟიშვილის“ პრემიერის შემდეგ ვერ დამალეს. ვენეციაში გამართული პრემიერის შემდეგ წერდნენ, რომ მიუხედავად ზელერის სურათის ემოციური ძალისა, ავტორი მორალური თვალსაზრისით აკრძალულ ხერხებს მიმართავს შთაბეჭდილების მოსახდენად. ასეთი მანიპულაცია კი აზარალებს პირველ რიგში ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდებს, რომლებსაც „ვაჟიშვილი“ ფაქტობრივად გამოსავალს არ უტოვებს.

პიტერის ვაჟი, 17 წლის ნიკოლასი ის მხიარული ბავშვი აღარაა, ყველას რომ უყვარდა. რა ხდება მის თავს? რატომ აღარ უნდა სკოლაში სიარული? დედა (ლორა დენსი), რომელსაც შვილის ასეთი მოულოდნელი გარდასახვა ძალიან აწუხებს, თანახმაა ნიკოლასი გადავიდეს საცხოვრებლად მამამისთან, რომელსაც ახალი ოჯახი ჰყავს. პიტერი პირველად იგრძნობს, რომ ძალაუფლებისკენ მიდრეკილება, კეთილდღეობა და ფული (რომელიც არ აკლია), საერთოდ არაფერია იმ პრობლემასთან შედარებით, რომელსაც ახლა შეეჯახა.

თუკი „მამაში“ ზელერი ალცჰაიმერის დაავადებას იკვლევს, „ვაჟიშვილში“ ის უაღრესად დელიკატურ თემას ეხება - „სიყმაწვილის დეპრესიას“, ფსიქიკურ აშლილობას, რომელიც პანდემიამ მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გააძლიერა.

ნიკოლასი სიცოცხლის სურვილს მშობლების განქორწინების შემდეგ კარგავს. მთლიანობა ინგრევა... ნგრევის ამ პროცესს, როგორც წესი, ეწირება ყველაზე დაუცველი, ყველაზე გამოუცდელი. აქ რეჟისორი ნამდვილად ცეცხლს ეთამაშება; თუკი ალცჰაიმერიანი მოხუცი ჰოპკინსის შესრულებით მაყურებლის აბსოლუტურ თანაგრძნობას ბადებდა, „ვაჟიშვილში“ დეპრესიული ყმაწვილის მიმართ დისტანცია ფილმის ბოლომდე არ ქრება. ამ როლის შემსრულებელი ზენ მაკგრატი იმ დონის მსახიობი არაა, რომ მოგვცეს საშუალება ოდნავ მაინც დავუახლოვდეთ მის პერსონაჟს, რომელიც ფაქტობრივად ევოლუციას არ განიცდის. ეს იწვევს გაღიზიანებას მაყურებელში, და, შესაძლებელია აგრესიასაც კი. მაყურებელს, შესაძლებელია, უბრალოდ მობეზრდეს ბიპოლარული აშლილობის გამომხატველი სცენების აღქმა, აცნობიერებდეს ამ დისკომფორტს და ისიც არ სიამოვნებდეს, რომ მიუხედავად გაღიზიანებისა, მაინც აგრძელებს ფილმის ყურებას, რადგან აინტერესებს „როდის გაისვრის ჩეხოვის თოფი“ ეკრანზე.

ფლორიან ზელერისთვის ეს დისტანცია მხატვრული ხერხია; ჩვენ თანავუგრძნობთ მამას, დედას (განსაკუთრებით!), დედინაცვალს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად - მსხვერპლს. ამ ბიჭის მარტოობას მისი ეგოიზმით გაღიზიანებული მაყურებელიც აძლიერებს.

ცხადი ხდება, რომ „ვაჟიშვილი“ არის ფილმი უძლურებაზე. მათ შორის ჩვენს უძლურებაზე. გულის სიღრმეში ყველა მოვითხოვთ ხელოვნებისგან დადებით ემოციებს... და როცა ავტორი ჩვენს მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ვბრაზდებით - არაა სასიამოვნო, როცა ჩვენს უძლურებას ასე აშიშვლებს ვინმე, პროტესტის გრძნობა გიჩნდება და ხელოვანს „მანიპულაციაში“ ადანაშაულებ. აქვე შეიძლება თავის გამართლების მიზნით, „მხატვრული ნაკლიც“ მოუძებნო ზელერის სურათს - მაგალითად, გაიხსენო მისი ყველაზე სუსტი ეპიზოდები მამა-შვილით - ბედნიერების გამომხატველი ფლეშბეკები, კაშკაშა მზით განათებული, მეტისმეტად ბანალური კადრებით (სარეკლამო კლიპს რომ ჰგავს), რომლებიც გადაფარავს ზელერის უნარს მიაღწიოს ფსიქოლოგიურ დაძაბულობას როგორც

ხელის კამერით გადაღებულ ექსტერიერებში, ისე ხაზგასმულად სტატიკურ კადრებში პიტერის ბინასა და ოფისში. „ვაჟიშვილში“ ნიუ-იორკი ისეა გადაღებული, რომ ქალაქის პეიზაჟი გადაიქცევა ამოსუნთქვად, სიცოცხლის ნაკუწად იმ ჯოჯოხეთში, რომლის გავლა უწევთ ფილმის გმირებს (მით უფრო უცნაურია პრეტენზიები ზელერის, როგორც „თეატრალური რეჟისორის“ მიმართ). ამავე დროს, ინტერიერებში გადაღებულ სცენებში, პირიქით, მუდმივად ხაზგასმულია ჩაკეტილობა, სქელი კედლებით შემოსაზღვრული სივრცე, რომელიც ჰაერს არ ტოვებს კადრში (სცენა ფსიქიატრთან). ამას დაუმატეთ დრამატურგიული სტრუქტურა - ხანმოკლე სცენებად დაყოფა და მოქმედების განვითარება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ არა მარტო ამბის, არამედ პირველ რიგში პერსონაჟების ევოლუციას. ყოველი მათგანი ცდილობს აღადგინოს ეს დაშლილი მთლიანობა, ხანდახან აღწევს კიდეც... ცოტა რჩება თითქოს გამარჯვებისთვის, მაგრამ არ გამოდის. „შეგვიძლია კი ჩვენ რეალურად გადავარჩინოთ ვინმე საკუთარი თავის გარდა?“ - კითხულობს თითქოს ავტორი. და თავად ეს კითხვა აძლიერებს იმის განცდას, რომ ჩვენ ძალიან დაუნდობელ და რადიკალურ კინოს ვუყურებთ.

უამრავ მშობელს აქვს განცდილი შიში, როცა შვილის მომავალზე იწყებს ხოლმე ფიქრს. უამრავ მშობელს არ ასვენებს ილუზია, თითქოს შვილების სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ბედნიერად იგრძნონ თავი ოჯახში. ზელერი ამ კომფორტსაც ანგრევს და ისევ სასტიკ კითხვებს სვამს: იქნებ ეს ყურადღება, ზრუნვა, ალერსი, რომელსაც „ვაჟიშვილში“ არსებითად არც აკლებენ მშობლები შვილს, საკმარისი არაა? იქნებ კიდევ რაღაც არის საჭირო? იქნებ ერთმა არასწორმა სიტყვამ, არასწორმა ჟესტმა შეიძლება ყველაფერი დააანგრიოს? თუკი ამ კითხვამ აგაღელვათ, თუკი გულწრფელად დაინტერესდით რა შეეშალათ მშობლებს ზელერის ფილმში, შეიძლება „ვაჟიშვილის“ ხელმეორედ ნახვაც კი მოინდომოთ; ბოლოს და ბოლოს იხილავთ, როგორ „კითხულობს“ გამოსახულებას ფილმის კომპოზიტორი ჰანს ციმერი, როგორ ზუსტად მიჰყვება მუსიკალური დრამატურგია ფილმის რიტმს. რომ აღარაფერი ვთქვათ ჰიუ ჯეკმანის მიერ განსახიერებულ მამაზე - განრისხება, დანაშაულის განცდა და სასოწარკვეთა ერთიანდება მის მიერ შექმნილ სახეში. საზღვარი ამ გრძნობებს შორის აღარ არსებობს.

ზედმიწევნითი უბრალოების მიუხედავად, „ვაჟიშვილი“ ტოვებს საიდუმლოს, რომლის ახსნა ნამდვილად არაა ადვილი - გაწვალებს, გაბრაზებს! ბუნებრივია, ამის მერე „მანიპულაცია“ უწოდო მსოფლიო კინოგაქირავებაში კატასტროფულად ჩავარდნილ ფილმს, რომელსაც კრიტიკოსთა განრისხებაც მოჰყვა. ვნახოთ, როგორ უპასუხებს ამ ხალხს ფლორიან ზელერი ტროლოგიის მესამე ფილმში. იმედია, აუცილებლად გადაიღებს „დედას“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG