Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აი, 2-3 დღეში, უკვე იქნება" - კალაძე სადგურ "გოცირიძის" გახსნაზე


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც გასული კვირის ბოლოს უნდა გახსნილიყო, 2-3 დღეში გაიხსნება. მისივე ცნობით, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურა.

"მომდევნო დღეებში გაიხსნება, მომდევნო დღეებში. მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურა და აი, ორ დღეში, სამ დღეში, უკვე იქნება", - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

2 მარტს თბილისის მერმა თქვა, რომ სადგურს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც "ფაქტობრივად გამოსწორებულია".

"რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება", – თქვა თბილისის მერმა.

2021-2022 წლებში მერიის მიერ დაანონსებული სადგურის გახსნა ბევრჯერ გადაიდო.

კახა კალაძემ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უკმაყოფილოა იმ კონტრაქტორი კომპანიის მუშაობით, რომელიც სადგურს რამდენიმე თვის განმავლობაში არემონტებდა. მაშინ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილეებს დაავალა, "გააკეთონ ყველაფერი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას".

პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ უცხოური საწარმოს, შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა.

სადგურის რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია. 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო. ბოლო შეთანხმებით, რომელიც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და კომპანია "მამისონს" შორის დაიდო, ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG