Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ჩინეთის მმართველი შეხვდა თავის „ძვირფას მეგობარს“, ვლადიმირ პუტინს


მოსკოვში 20 მარტს დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის სამდღიანი ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

Reuters-ის ცნობით, ჩინელ სტუმარს სურს ეკონომიკური კავშირების გაღრმავება თავის მოკავშირესთან, რაც დასავლეთთან წონასწორობას შეუწყობს ხელს და ასევე - უკრაინაში პეკინის, როგორც მშვიდობისმყოფელის პოტენციური როლის გაძლიერება.

სი ძინპინი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც პუტინს ხვდება მას მერე, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. მოსკოვმა, რომელსაც სასამართლოს ქმედება „აშკარა მტრულ გამოვლინებად“ მიაჩნია, საპასუხოდ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა სასამართლოს პროკურორის და მოსამართლეების მიმართ.

პეკინი თვლის, რომ ორდერი ორმაგ სტანდარტებს გამოხატავს.

რუსეთი ჩინეთის მმართველის სტუმრობას მიიჩნევს იმის დასტურად, რომ მას გამოუჩნდა გავლენიანი მეგობარი მტრულ დასავლეთთან დაპირისპირებაში. პუტინმა და სიმ ერთმანეთს მიმართეს სიტყვებით „ძვირფასო მეგობარო“, როცა ვახშმის წინ შეხვდნენ ერთმანეთს.

ოფიციალური მოლაპარაკება დაგეგმილია 21 მარტისთვის.

პუტინმა სტუმარს განუცხადა, რომ პატივისცემით ეპყრობა ჩინეთის წინადადებას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საქმეში და „ოდნავ შურს“ კიდეც ბოლო ათწლეულში ჩინეთის სწრაფი განვითარებისა.

„ჩინეთმა შექმნა ეკონომიკის განვითარების და სახელმწიფოს გაძლიერების ეფექტიანი სისტემა. ის ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში“, - თქვა პუტინმა.

სი ძინპინისთვის ვიზიტი არის დიპლომატიური მცდელობა, რის თაობაზეც გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი წინადადება, რომელიც უკრაინაში კრიზისის მოგვარებას ეხება. სააგენტოების თანახმად, ჩინეთის წინადადებები მხოლოდ ზოგად დებულებებს და არა ომის შეწყვეტისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს წარმოადგენს.

აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები სკეპტიკურად არიან განწყობილი ჩინეთის მოტივების მიმართ და აღნიშნავენ, რომ ჩინეთმა უარი თქვა გაეკიცხა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო და მოსკოვს ეკონომიკური „სამაშველო რგოლი“ შესთავაზა.

პეკინმა არაერთხელ უარყო დასავლეთის ბრალდება, რომ აპირებს რუსეთს იარაღი მიაწოდოს, მაგრამ აცხადებს, რომ სურს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთის ქვანახშირის, გაზის და ნავთობის იმპორტის გასაზრდელად.

კრემლის ინფორმაციით, ეს არის სახელმწიფო ვიზიტი, რაც ოფიციალური ვიზიტების უმაღლესი რანგია. კრემლის განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის განიხილება „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების საკითხები“; დაგეგმილია ასევე „აზრთა გაცვლა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში“; ასევე ხელი მოეწერება მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტებს - დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად - რომელს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შედგება „აზრთა სიღრმისეული გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე“, ვიზიტის მთავარ მიზნად კი რუსეთთან ორმხრივი კავშირების განმტკიცება სახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG