Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინას მომდევნო 12 თვეში 1 მილიონი ჭურვით მოამარაგებს


უკრაინელი ჯარისკაცები ჰაუბიცა M777-ის ჭურვებს გასასროლად ამზადებენ
უკრაინელი ჯარისკაცები ჰაუბიცა M777-ის ჭურვებს გასასროლად ამზადებენ

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდონ. საუბარია ძირითადად ნატოს სტანდარტების 155 მმ-იანი საარტილერიო დანადგარების საბრძოლო მასალაზე. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ბრიუსელში ევროპელი მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მანამდე ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის სამეტაპიანი გეგმა წარადგინა. მისი წინადადებით, პანევროპული მშვიდობის ფონდი დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს უკრაინას საბრძოლო მასალის შესაძენად. კიდევ 1 მილიარდი ევრო უნდა გამოიყოს ევროპის საკუთარი რეზერვების შესავსებად. მესამე ეტაპი უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება.

უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის მიწოდება მიმდინარე წელს ევროპას დაახლოებით ორი მილიარდი ევრო დაუჯდება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 16, ასევე ნორვეგია, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

თებერვლის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დასავლელ კოლეგებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება 155-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალების 1 მილიონი ერთეული.


რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი დასავლეთს სჭირდება შეავსოს რეზერვები, რომლებიც სწრაფად იწურება.

რამდენად სწრაფად - ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, მაგრამ ცნობილია, რომ უკრაინის მიერ მოთხოვნილი მასალების გარდა, საჭიროა HIMARS-ის რაკეტების და საჰაერო თავდაცვის სისტემების მასალების მარაგების შევსება.

XS
SM
MD
LG