Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამნაშავეებად ცნობა სასამართლო ინსტანციის საქმეა - კობახიძე პუტინის მიმართ დაკავების ორდერზე


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემაზე ამბობს, რომ კონკრეტული პირების დამნაშავედ ცნობა სასამართლოს საქმეა და "დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას". ამის შესახებ მან დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა.

"დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს... აქეთ უნდა იყოს ყველას ყურადღება მიმართული", – განაცხადა კობახიძემ, რაზეც ჟურნალისტმა დაზუსტებისთვის ჰკითხა, მიიღო თუ არა ჰააგამ ისტორიული გადაწყვეტილება და სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა თუ არა ვლადიმირ პუტინმა?

"ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ეს იქნება ისტორიული შედეგი და ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას", - უპასუხა კობახიძემ.

17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

  • რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვლადიმირ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაწერა, რომ ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება“.
  • კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ICC-ის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.
  • თავად ვლადიმირ პუტინს მისი დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG