Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საირმის“ თანამშრომელთა გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა


"საირმის" თანამშრომლები გაფიცვის დროს
"საირმის" თანამშრომლები გაფიცვის დროს

„საირმის“ მინერალური წყლის კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ინფორმაციით, მხარეები ყველა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ.

კომპანიის თანამშრომლის, შაკო ქობალიას თქმით, 35-მდე დასაქმებულმა გაფიცვა და ქარხნის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტა, ისინი სამუშაოს 22 მარტიდან დაუბრუნდებიან. ქობალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეთანხმების პირობები მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა.

ხელფასები გაიზრდება, გაფიცვის დროს განაცდური აგვინაზღაურდა და თითოეულს 800 ლარი ჩაგვერიცხა დღეს. რთული იყო 2000 კვადრატამდე ფართის მოვლა და ერთი დამლაგებლის შტატს კიდევ ერთი დაემატება და მათი ხელფასიც გაიზრდება - 600 ლარი ჰქონდა დამლაგებელს და შეთანხმებით, 800 გაუხდება. ასევე მოხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება. ერთი წლის წინ საერთოდ არ ვიცოდით, რა იყო შვებულება, ბიულეტენი, დეკრეტი, ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას რამდენიმე წელია ვითხოვთ, მაგრამ კომპანიის ადმინისტრაციის არაერთი დაპირების მიუხედავად, აქამდე შედეგს ვერ მივაღწიეთ“, - ამბობს შაკო ქობალია, რომელიც საწარმოში შემფუთავ აპარატზე ოპერატორად მეშვიდე წელია მუშაობს.

გაფიცული თანამშრომლების ინტერესებს პროფკავშირული გაერთიანება "ლაბორი" იცავდა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომპანიამ გაფიცულების მოთხოვნების ნაწილი სრულად, ზოგი კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება არაა, გაფიცულებს განაცდურ დღეებზე 800 ლარიც ჩაერიცხათ.

გიორგი დიასამიძის თქმით, შეთანხმების მიხედვით:

  • მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიის დასაქმებულების შრომის ანაზღაურება გაიზრდება 22.5%–ით, ნაცვლად მოთხოვნილი 30 %–ისა.
  • დაემატება დამლაგებლის შტატი, რაც გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, და გაიზრდება ამ პოზიციაზე დასაქმებულის ხელფასი.
  • ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება ინფლაციის პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად, ინდექსაციის გზით.
  • ასევე გაიზრდება ღამის ცვლაში მომუშავეთა ანაზღაურება, 34 %–ით.
  • მენეჯერული პოზიციიდან გათავისუფლდა სამი ადამიანი, რომლებიც დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე არ ზრუნავდნენ.
  • წლის ბოლომდე გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება.

შეთანხმებით, ანაზღაურების გაზრდა და მათ შორის ცვლის უფროსების ხელფასებზე 150 ლარის დამატება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების დაცვას, სამუშაო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, რაც ასევე იყო გაფიცულების მოთხოვნა, მოგვარდება გონივრულ ვადებში“, – აცხადებს პროფკავშირული ორგანიზაციის, „ლაბორის“ წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე.

36-დღიანი გაფიცვის შემდეგ, გაფიცული თანამშრომლები სამუშაო პროცესს 22 მარტს შეუერთდებიან.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ 34-მა თანამშრომელმა გაფიცვა 13 თებერვალს ქარხნის შესასვლელების პიკეტირებით დაიწყო. ისინი საგაფიცვო პერიოდში ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებოდნენ. გაფიცვას წინ 21-დღიანი მედიაციის პროცესი უძღოდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

XS
SM
MD
LG