Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიას ჯერ არ უყიდია მეტროს ტურნიკეტები, რომლებზეც კალაძემ 5 თვის წინ ისაუბრა


21 მარტის დილა, რიგი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან"
21 მარტის დილა, რიგი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან"

თბილისის მეტროსადგურებს ისევ უჭირთ პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის სწრაფად გატარება. დღეს დილით ათეულობით ადამიანი რამდენიმე წუთი ელოდებოდა საკუთარ რიგს მეტროსადგურებში "ახმეტელის თეატრი" და "ვარკეთილი".

პრობლემის შესახებ ცნობილია თბილისის მერიისთვისაც. ჯერ კიდევ 5 თვის წინ, 2022 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ესაა თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების - ე.წ. ტურნიკეტების პროექტის განხორციელება".

მანვე აღნიშნა, რომ "ახმეტელის თეატრსა" და "ვარკეთილში" შვიდი გასასვლელია და იგეგმება ცხრა ახალი გასასვლელის მოწყობა, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის.

ამ საკითხზე მერმა ისაუბრა 16 ნოემბერსაც, როცა დილის საათებში მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში" მგზავრებს ჩასვლისას პრობლემა შეექმნათ.

"ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. როგორც იცით, დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტს. მოკლევადიანის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს მეტროში", - განაცხადა კალაძემ მაშინ და მგზავრებს ბოდიში მოუხადა.

დღეს, ამ განცხადებებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც, არაა ცნობილი, როდის შეიცვლება ტურნიკეტები თბილისის სამ მეტროსადგურში ("დიდუბე", "ახმეტელის თეატრი", "ვარკეთილი"). რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ ახლა ტარდება "ტექნიკური ადაპტაციის და მორგების კვლევა", რის შემდეგაც უნდა დაიდოს ხელშეკრულება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს პოტენციურ მომწოდებლების მიერ ტექნიკური მხარის დამუშავება, რომ მათ მიერ მოწოდებული პროდუქტი თავსებადი იყოს ჩვენ გადახდის ერთიან სისტემასთან. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი განსაზღვრულია ვადა მათი მოწოდებისა და მონტაჟისთვის, 6 თვე", - ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.

XS
SM
MD
LG