Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია: საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის ყველა დრონი გაანადგურა


ფოტო არქივიდან. 2022 წლის დეკემბერში კიევში განადგურებული რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები
ფოტო არქივიდან. 2022 წლის დეკემბერში კიევში განადგურებული რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა დედაქალაქის გარშემო, საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი.

ადმინისტრაციის მიერ დღეს დილით გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა ირანული დრონები Shahed. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა მორიგი, მასირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით Shahed-136. გენშტაბის წინასწარი ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 21 დრონიდან 16.

უკრაინაში დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

განგაში ჯერ უკრაინის დედაქალაქ კიევში გამოცხადდა და შემდეგ ეტაპობრივად მოიცვა კიევის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და დონეცკის ოლქები.

საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 04:50 საათისთვის შეწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG