Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არც სოხუმი და არც თბილისი ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან - ტოივო კლაარი


ტოივო კლაარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში
ტოივო კლაარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი „ფეიკს“ უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ კლაარმა აფხაზურ გამოცემა „ნუჟნაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მე შემიძლია ზუსტად და ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ომისკენ არავინ უბიძგებს. აშშ-ის ელჩმა თბილისში დაადასტურა, მრავალგზის დაადასტურა, რომ აშშ-ის მხრიდან მსგავსი ზეწოლა არ არსებობს. ეს დეზინფორმაციაა“, - თქვა ტოივო კლაარმა.

მისი სიტყვებით, „არიან ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ისეთ რამეებს ამბობენ, რაც სათქმელი არაა“.

მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რაიმე აგრესიულ განზრახვას“, - დასძინა მან.

დიპლომატმა ერგნეთის შეხვედრის მაგალითი მოიყვანა, რომელზეც ოსური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამჟამად არსებული ვითარება გაცილებით მშვიდია, ვიდრე ადრე.

ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკების შესაძლებლობაზე საუბრისას კლაარმა განაცხადა, რომ „ამჟამად არც სოხუმი და არც თბილისი მზად არ არიან ან არ არიან ოფიციალური მოლაპარაკების წარმართვის მდგომარეობაში.“

ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის უფრო არაფორმალურ, მაგრამ პირდაპირ კონტაქტებს იმ იმედით, რომ ეს მისაღები იქნება. ჩვენ გვსურს, რომ დასხდნენ მაგიდასთან და ერთმანეთს სასაუბრო თემები შესთავაზონ. ამისთვის სოხუმიც და თბილისიც მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ საკუთარი პრიორიტეტების შეთავაზებისთვის, არამედ მეორე მხარის პრიორიტეტების განხილვისთვისაც“, - დაამატა მან.

კლაარის თქმით, ის სოხუმს ეწვია, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და არა როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე. კლაარი სოხუმში შეხვდა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერს, ლაშა აშუბას და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბას.

„ჩვენ ვითხოვეთ ბატონ (ასლან) ბჟანიასთან(ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი. რედ) შეხვედრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ავად გახდა. ბატონმა (ინალ) არძინბამ(ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი. რედ.) საბოლოოდ ჩვენი შეხვედრა არ დაადასტურა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევხვდით ბატონ არძინბას, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში ასეთი შეხვედრა შედგება“, - დაამატა მან.

კლაარმა დაადასტურა, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 4-5 აპრილს გაიმართება და ვერ ხედავს მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანის საჭიროებას. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მოლაპარაკებების მინსკში გადატანის წინადადებით გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG