Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა აჩერებს მოქალაქეობაზე განაცხადების მიღებას რუსეთის მოქალაქეებისგან


ლიეტუვის სეიმმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აჩერებს რესპუბლიკის მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადების მიღებას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისგან, ასევე ჩერდება უკვე შეტანილი განაცხადების განხილვა. კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 113-მა დეპუტატმა, ცხრამ თავი შეიკავა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

როგორც ადრე განაცხადეს შესწორებების ავტორებმა, - შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ და სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაურინას კაშიუნასმა, - „ეს შემზღუდავი ზომა ითვალისწინებს არა ლიეტუვის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის გაუქმებას, არამედ განაცხადების მიღებისა და მოქალაქეობაზე გადაწყვეტილების მხოლოდ დროებით შეჩერებას“.

ამ კანონით, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ასევე შემოიღებენ დროებით აკრძალვას ლიეტუვის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენაზე. გამონაკლისს წარმოადგენენ ლიეტუვაში ცხოვრების უფლების მქონეები, რომლებსაც სამშობლოში დევნა ემუქრებათ.

გარდა ამისა, ლიეტუვისა და უცხოეთის სავიზო სამსახურებში წყდება განაცხადების მიღება ლიეტუვის ვიზების მიღებაზე, მათ შორის ეროვნულისა, იმ შემთხვევების გარდა, როცა საბუთები შეაქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამავლობით.

ასევე წყდება ლიეტუვაში ცხოვრების უფლების გაცემა იმ პირებზე, ვისაც არ მოეპოვება შენგენის ან ნაციონალური ვიზები, ან ლიეტუვასა თუ ევროკავშირში ცხოვრების უფლება.

კანონპროექტში ასევე წერია, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის გარე საზღვრის გავლით ჩავლენ ლიეტუვის ტერიტორიაზე, დამატებით დეტალურად შემოწმდებიან ინდივიდუალური წესით.

XS
SM
MD
LG