Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება: პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინა ომის დასასრულებლად მოლაპარაკების იდეას, ზოგადად, არ უარყოფს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ პირადად რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ლაპარაკი მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს განუცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

მინისტრის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე იცოდნენ, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. კულებას განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში, პუტინის მიერ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსირების მცდელობის პასუხად მიიღო რეზოლუცია, რომ მასთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, უკრაინას რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე და მის შემდეგაც ჰქონდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მრავალრიცხოვანი მცდელობა, რასაც რუსეთმა უპასუხა სასტიკი შეტევების გაძლიერებით და უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსიით. როგორც დმიტრო კულებამ თქვა, პუტინს სურს მხოლოდ მეტი ომი, მეტი გატაცებული უკრაინელი ბავშვი, მეტი მოკლული უკრაინელი და მეტი უკრაინული მიწის მიტაცება, ეს ბოროტება კი, ძალით უნდა გაანადგურო.

  • 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG