უკრაინელმა მაშველებმა კიევის ოლქის ქალაქ რჟიშჩევში, რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 1 დაღუპულის ცხედარი. მანამდე დადასტურებული იყო 8 ადამიანის სიკვდილი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 23 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.
რუსეთმა კიევის და უკრაინის სხვა ოლქებზე დრონებით იერიში 22 მარტს მიიტანა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ რჟიშჩევში ნაწილობრივ დაინგრა საერთო საცხოვრებლის ორი 5-სართულიანი შენობა და ლიცეუმის 3-სართულიანი სასწავლო კორპუსი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 22 მარტს რუსეთმა გამოიყენა 21 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 16 თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.