"ევროპელი დემოკრატების" გენმდივანი და საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ვიზიტის დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილი დიდწილად შეზღუდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემამ და სრულიად ცხადი იყო, რომ "ჩინეთის12-პუნქტიანი პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაზე" არ იყო განხილვის ძირითადი საკითხი: "მას მერე, რაც (არა მგონია შემთხვევით მომხდარიყო) დაასწრეს და ჰააგის სასამართლომ ორდერები გამოსცა, გამოიწვია პოლიტიკური ნაწილის "დაჭმუჭვნა" და მისი მნიშვნელობის შემცირება, რადგან ამ ორდერის შემდეგ სრულიად გამორიცხულია პუტინთან რაიმე საზავო ხელშეკრულებაზე წასვლა. მთელი დატვირთვა წავიდა ეკონომიკურ ნაწილზე და იმიტომაც დახვდა მას ვიცეპრემიერი, რომელიც ადრე იყო დაკავებული სოჭის ოლიმპიადით და კარგად არის გარკვეული ჩინურ საკითხებში. შემდეგ იყო ძლიან საინტერესო მომენტი - საერთოდ გათიშეს შეხვედრიდან პატრუშევი და სი ძინპინს გააცნეს პრემიერმინისტრი მიშუსტინი".
ამასთან, მამუკა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერისთვის პრიორიტეტული საკითხი არის მომავალი შესაძლო დიდი დაპირისპირება დასავლეთთან და ამისთვის მზადება: "ჩინეთმა მშვენივრად იცის, რომ მომავალი დიდი დაპირისპირება ალბათ მოხდება წყნარ ოკეანეში და ამისთვის ემზადება ძალიან აქტიურად. პირველ რიგში, სი ძინპინის მოსვლის შემდეგ, დაიწყო სამხედრო რეფორმა, შეცვალეს ჯარის სტრუქტურა, მიდის გამალებული მოდერნიზაცია, უპირველეს ყოვლისა ფლოტს ამაგრებენ და მშენებლობა მიდის ავიამზიდების. ამისთვის ემერიკაც ემზადება ამისთვის შეიქმნა AUKUS-ი [ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ის ალიანსი]. ეს ყველაფერი მიდის 2030 წლისკენ".