ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ დღესვე შეუძლიათ, სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ მან უთხრა ჟურნალისტებს, კლინიკა "ვივამედში" შვილთან შესვლამდე.
"ეს ჩვენზეა დამოკიდებული, დღესვე შეგვიძლია, შევიტანოთ, მე ვფიქრობ, ძალიან სწრაფად, გადაუდებლად, არაფერია გამორიცხული", - თქვა გიული ალასანიამ და აღნიშნა, რომ "კლინიკის" გუშინდელი განცხადების შემდეგ ჰგონია, რომ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას აპირებს:
"არ ვიცი, რის საფუძველზე, ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ იძლევა".
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ფიქრობს, რომ თუკი ექსპრეზიდენტს ციხეში დააბრუნებენ, ეს "სასიკვდილო განაჩენი" იქნება.
"არცერთი იმ დაავადებებისგან, რომელიც მას აქვს, ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით, განკურნებული არაა. მათ შორის კახექსია, რასაც კლინიკა "ვივამედიც" ეთანხმება.
ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური სვლა იყო, რომ ის მოვლენები, რაც მიმდინარეობს საქართველოში, გადაიფაროს ამ თემით. დარწმუნებული ვარ, ეს არ იყო კლინიკის პოზიცია, მე ვიცი ექიმების განწყობა, ვიღაცას ეს ჩაფიქრებული აქვს, რომ გადაიყვანონ ციხეში - ან გლდანის სამკურნალო, ან მე-12 დაწესებულებაში", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე და აღნიშნავს, რომ დღესვე გეგმავს ამ თემაზე შეხვდეს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.
მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარი ძალაში დატოვა, ადვოკატები, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. საქმე ეხება ევროსასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების შესახებ განაცხადის შეტანას.
კლინიკა "ვივამედმა" გუშინ, 22 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო თვის განმავლობაში სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.
„შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში", - აცხადებს სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ ადმინისტრაცია.
კლინიკა ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტს კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე.