Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ რამადანის პირველ დღეს პალესტინელი მეომარი მოკლა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე


ისრაელის არმიის და პალესტინელების დაპირისპირება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. 21 იანვარი, 2023 წელი
ისრაელის არმიის და პალესტინელების დაპირისპირება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. 21 იანვარი, 2023 წელი

სააგენტო Reuters-ის ცნობით, 23 მარტს ისრაელის არმიამ პალესტინელი მოკლა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ეს განაცხადა პალესტინელთა ოფიციალურმა პირმა იმ მცდელობის ფონზე, რომ არ დაუშვან ძალადობის შემდგომი ზრდა.

ისრაელის სასაზღვრო პოლიციის თანახმად, არმიამ ალყა შემოარტყა სახლს, სადაც იარაღით თავდასხმებში ეჭვმიტანილი ეგულებოდათ და საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლეს 25 წლის ამირ აბუ ხადიჯე, აზუსტებს მოკლულის ვინაობას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო.

ინციდენტი მოხდა ქალაქ ტულკარემში. ახალმა ჯგუფმა, რომელიც ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის და იწოდება „ტულკარემის ბრიგადად“, გამოაცხადა, რომ აბუ ხადიჯე მისი ერთ-ერთი დამაარსებელი იყო და მომხდარი შეაფასა, როგორც „მკვლელობა“.

პალესტინელთა ტერიტორიებზე ათასობით ადამიანი ზეიმობს რამადანის - მუსლიმთა წმინდა თვის - დადგომას.

გასულ წლებში რამადანის დროს ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები ხდებოდა იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის არეალში, ტაძრის მთაზე, რომელიც წმინდა ადგილია მუსლიმებისა და ებრაელებისთვისაც.

2023-ში რამადანი დაემთხვა ებრაელთა პასექს და ქრისტიანული აღდგომის დღეს.

გასულ კვირას ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში, ისრაელის და პალესტინელი ოფიციალური პირების შეხვედრა გაიმართა ვითარების განმუხტვის მიზნით. მას ეგვიპტის, იორდანიის და აშშ-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გასულ თვეებში დაპირისპირება გამწვავდა ისრაელის არმიის თითქმის ყოველდღიური რეიდების, ებრაელი მოსახლეების მხრიდან ძალადობის და პალესტინელების თავდასხმების ფონზე.

გასულ წელს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის არმიის მიერ მოკლული იქნა 250 პალესტინელი - მეომრები და სამოქალაქო პირები, ხოლო პალესტინელთა თავდასხმებს ემსხვერპლა 40 ისრაელელი და სამი უკრაინელი.

პალესტინელებს სურთ თავიანთ ავტონომიაში, ისრაელის მიერ 1967 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში, დააარსონ საკუთარი სახელმწიფო დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG