Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე აფთიაქებმა ფასი ხელოვნურად გაზარდეს - სამინისტრო


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცალკეულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი არაა დაწესებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ რიგ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე აფთიაქებმა ფასი გააოთხმაგეს. სამინისტრო ჩამოთვლის ამ მედიკამენტების დასახელებებს და მათი ფასის სხვაობას ფარმაცევტული კომპანიების მიხედვით:

  • აფინიტორი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 753₾, მარტში - 2970₾ . სხვაობა 294%;
  • კასოდექსი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 35₾, მარტში - 94₾. სხვაობა 167%;
  • ვოტრიენტი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 585₾, მარტში - 1530ლ. სხვაობა 162%;
  • იქსგევა (შპს მერმისი) - ფასი თებერვალში 400₾, მარტში - 840₾. სხვაობა - 110%;
  • ტაფინლარი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 2142₾, მარტში - 3960₾. სხვაობა 85%;
  • ტემოზოლომიდი აკორდი (გეფა, ფარმადეპო, ჯიპისი) - ფასი თებერვალში 109₾, მარტში - 201₾. სხვაობა 85%;
  • ჯაკავი (ავერსი-ფარმა) - ფასი თებერვალში 2464₾, მარტში - 3920₾. სხვაობა 59%.

უწყების ცნობით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.

"წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.

ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო", - აცხადებენ უწყებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი, ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ.

განახლება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა კომპანია PSP. როგორც ის აღნიშნავს, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით, მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული. კომპანიის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება.

PSP განმარტავს მედიკამენტებზე ფასების ზრდი საკითხს.

„მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად.

კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება. სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მედიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება", - ვკითხულობთ PSP-ს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG