Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ევროინტეგრაციის პროცესში უმოქმედობაში ადანაშაულებს. პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას მან თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს". ოპოზიციას კი პრემიერ-მინისტრმა ანტიევროპული ძალა უწოდა.

"პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი არის პოლარიზაციის დასრულება. პოლარიზაცია, რომელიც ყველა დემოკრატიას ახასიათებს - ეს არის ამერიკა, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. ყველგან არის პოლარიზაცია. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება გამონაკლისი.

მაგრამ ჩვენ კითხვა დავუსვათ ჩვენს საზოგადოებას და ოპოზიციას, რას აკეთებს ჩვენი ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად. ჩვენ მათი მხრიდან ვნახეთ ბოიკოტი, საბოტაჟი, პირდაპირი ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის დესტაბილიზაცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე პოლარიზაციის დასრულების გზად საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელა.

"ჩვენ თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ჩვენი ევროპელი პარტნიორებს გადაწყვეტილებას, მათ პირადად ვუთხარი, რომ ეს იყო შეცდომა - ისევე ავანსად, როგორც მოლდოვას და უკრაინას...

ჩვენი პასუხი, რაც მე გავუზიარე ჩვენს პარტნიორებს, თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებს და ჩვენს კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზების დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, სპეკულაციებს, დაასრულებს მათ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩებათ ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს, როცა სამარცხვინო უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეეხებოდა.

დღეს, 24 მარტს, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა იმის გასარკვევად, რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რატომ შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან შედარებით, რა კეთდება სტრატეგიულ პარტნიორებთან თავდაცვის შესაძლებლობის გასაძლიერებლად და ა.შ.

საქართველოს პრემიერმა ძირითადად ისაუბრა "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილზე, რომელიც, მისი თქმით, აქვთ "ექსტრემისტულ" ოპოზიციას საქართველოში და მის პარტნიორებს - საზღვარგარეთ.

XS
SM
MD
LG