Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო


430 მომხრე, 52 წინააღმდეგი. ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. დეპუტატები წუხან, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპულ საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში მოხსენიებულია არა მხოლოდ "ყოფილ პრემიერ-მინისტრად", არამედ "ოლიგარქადაც".

რეზოლუცია შესწორებებმა გაამკაცრა

ივანიშვილის "ოლიგარქობა" და მისთვის სანქციების დაწესება რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში არ იყო. ოლიგარს მას უწოდებენ შესწორება #2-ში. გარდა ამისა, შესწორება #6-ში, რომლის ავტორიცაა ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატი მირიამ ლექსმანი, წერია:

"[ევროპის პარლამენტი] იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორებისადმი, მიიღოს საჭირო ზომები. მათ შორის, დაუწესოს პერსონალური სანქციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე."

ამ ფორმულირებას მხარი დაუჭირა 275-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო 212. თავი შეიკავა 132-მა.

რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას სთხოვენ, "გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და ასევე შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ეს ორი მოწოდებაც რეზოლუციაში შესწორებებმა გააჩინა. შესწორება #26 პარლამენტს პოლონელმა დეპუტატმა, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიის წევრმა, ანა ფოტიგამ შესთავაზა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გათვალისწინებით, "ევროპარლამენტი] იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე".

რეზოლუცია ეფუძნება ესტონელი ევროპარლამენტარის, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, სვენ მიკსერის ანგარიშს.

მასვე ეკუთვნის ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდება. მიკსერმა განმარტა, რომ ეყრდნობა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებას. 7 დეკემბერს ლომჯარიამ თქვა, რომ “საქმეს აკლია დასაბუთება და ის ვერ პასუხობს სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს”.

კიდევ რა წერია რეზოლუციაში?

ის, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს უკვე რამდენიმე თვეა უმეორებენ. ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ მხოლოდ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ მიიღებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

ევროკომისიის პრიორიტეტებს შორისაა: სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან, მედიის თავისუფლების დაცვა და დეოლიგარქიზაცია.

გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ "სიტყვიერი თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებზე" და სხვა დასავლელ პარტნიორებზე. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პარტნიორები არ ცდილობენ "ჩაითრიონ საქართველო ომში", მსგავსი ბრალდებები კი "უსაფუძვლო და ზიანის მომტანია".

არის დადებითი შეფასებებიც

მაგალითად, ევროპის პარლამენტი "მიესალმება საქართველოს მიერ მყისიერად გადადგმულ ნაბიჯებს, [ევროკომისის] პრიორიტეტებზე სამუშაოდ". ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რეფორმებზე მუშაობა იყოს "ინკლუზიური და გამჭვირვალე".

დეპუტატები მიესალმებიან შრომითი რეფორმების მიღებასაც. მათი აზრით, ახლა საქართველომ უკეთ უნდა იზრუნოს შრომითი უფლებების დაცვაზე, შექმნას ეფექტუიანი შრომითი ინსპექცია და მისცეს მას შესაბამისი უფლებამოსილება, ცოდნა და რესურსები:

"[საქართველომ] უნდა მიიღოს კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ, შექმნას სოციალური დაცვის ეფექტიანი პროგრამები მშრომელებისთვის და შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა არაფორმალური სექტორის ფორმალიზებისთვის".

გარდა ამისა, რეზოლუციაში წერია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს კანონდებლობის დახვეწას და "სრულად ფუნქციური საბაზრო ეკონომიკის" შენებას.

დადებითი შეფასებები იყო დოკუმენტის შესწორებებშიც. მაგალითად, შესწორება #10-ში ევროპარლამენტი მიესალმება იმას, რომ "საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების კანონპროექტი გადაეგზავნა ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას". ახლა ხელისუფლებისგან მოელიან, რომ ის შეასრულებს მათ რეკომენდაციებს.

კრიტიკა ჭარბობს

რეზოლუციის მიღებამდე, 13 დეკემბერს, ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. არაერთმა დეპუტატმა გააკრიტიკა საქართველო ჯერაც ვერგატარებული დემოკრატიული რეფორმების გამო.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ჩქარდება... პრორუსი რადიკალები არ ერიდებიან მედიაზე ძალადობას" - თქვა "მწვანეთა პარტიის" წევრმა, გერმანელმა ვიოლა ფონ კრამონმა.

"ხელისუფლებამ გადმოიღო ერთი-ორი გვერდი ვლადიმირ პუტინის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან. ის ავრცელებს ტყუილებს ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატოს შესახებაც კი. ის, რომ დასავლეთს სურს, ჩაითრიოს საქართველო ომში, უბრალოდ უსირცხვილო ტყუილია" - თქვა დეპუტატმა.

საქართველოში დემოკრატიის დასუსტების მთავარ მიზეზად მანაც და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დაასახელეს "ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი.

ლიეტუველმა დეპუტატმა, რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. თუმცა იქვე დაამატა: "მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივე მიზნები აქვს, რაც ქართველ ხალხს".

ევროპის პარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
please wait

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

კრიტიკის მიუხედავად, გამომსვლელთა უმრავლესობამ თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მაგრამ იყვნენ გამონაკლისებიც.

გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის ("ალტერნატივა გერმანიისთვის") წევრისთვის, ბერნჰარდ ზიმნიოკისთვის საქართველოს ევროკავშირში მიღება ნიშნავს მხოლოდ საზღვრების დასუსტებას, ანუ "კარის გაღებას მიგრანტების ახალი ნაკადისთვის".

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG