Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მოხვედით ნაცრის ყუთით, არ წაიყარეთ თავზე და Mea culpa-თი [ჩემი ბრალია] არ დაიწყეთ გამოსვლა? - სამადაშვილი ღარიბაშვილს


სალომე სამადაშვილი, დეპუტატი
სალომე სამადაშვილი, დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ მისი დამსახურებითა და "ქვეყნის მტრობით" არ აქვს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამიტომ გამოსვლა მას უნდა დაეწყო სიტყვებით: "Mea culpa" [ჩემი ბრალია].

"დღეს ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი, არ დაურიგეთ უმრავლესობას პარლამენტში და Mea culpa-თი [ჩემი ბრალია] რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა? სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად „დამნაშავე ვარს“ ნიშნავს.

დამნაშავე ხართ, ბატონო პრემიერო! დამნაშავე ხართ, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, რადგან არანაირ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ და რუსული კანონი მიგეღოთ, თქვენ უწოდეთ სატანისტები.

დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, იმიტომ რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომას და საუბარს, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

დამნაშავე ვარ და მაპატიეთო უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის. რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და ნიშნის მოგებით საუბრობთ, თურმე უკრაინაში რა დღეში არიან და ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია უნდათ. სამარცხვინო ადამიანი ხარ!

ყველა გამოსვლა უნდა დაიწყო სიტყვებით: დამნაშავე ვარ! - Mea culpa, Mea culpa, Mea culpa. ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და შვილებს, რადგან ამ სირცხვილით გიწევს ცხოვრება თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით", - მიმართა სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 24 მარტს, ინტერპელაციის წესით დაიბარეს პარლამენტში, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

შესავალი სიტყვით გამოსვლის დროს, მან ოპოზიცია ევროინტეგრაციის პროცესში უმოქმედობაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს", ოპოზიცია კი "ანტიევროპული ძალაა".

"პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი არის პოლარიზაციის დასრულება. პოლარიზაცია, რომელიც ყველა დემოკრატიას ახასიათებს - ეს არის ამერიკა, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. ყველგან არის პოლარიზაცია. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება გამონაკლისი.

მაგრამ ჩვენ კითხვა დავუსვათ ჩვენს საზოგადოებას და ოპოზიციას, რას აკეთებს ჩვენი ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად. ჩვენ მათი მხრიდან ვნახეთ ბოიკოტი, საბოტაჟი, პირდაპირი ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის დესტაბილიზაცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე პოლარიზაციის დასრულების გზად საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელა.

XS
SM
MD
LG