Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტივენ სიგალის ვაჟმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და მამასთან ერთად სასმელების კომპანია დააფუძნა


სტივენ სიგალი და ვლადიმირ პუტინი
სტივენ სიგალი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთში მცხოვრებმა ამერიკელი მსახიობის, სტივენ სიგალის ვაჟმა დომინიკმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „ერბეკა“ რუსეთის იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოსავე ცნობით, სტივენ სიგალმა და მისმა 33 წლის ვაჟმა შექმნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ხუთი ელემენტი", რომელიც 22 მარტს დარეგისტრირდა. კომპანია სპეციალიზებულია ბავშვთა კვებისთვის საჭირო სასმელი წყლისა და გამაგრილებელი სასმელების წარმოებაზე.

სტივენ სიგალი არის აღმასრულებელი დირექტორი, მას და მის შვილს კომპანიაში 50-პროცენტიანი წილი აქვთ.

მსახიობი სტივენ სიგალი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარია. 7 წლის წინ სტივენ სიგალს რუსული პასპორტი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა გადასცა. 2018-ში კი ის გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აშშ-სთან და იაპონიასთან ურთიერთობებში. მისი ამოცანაა, გააძლიეროს კულტურული კავშირები და დააკავშიროს ერთმანეთს ახალგაზრდა ხელოვანები.

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს პუტინმა სტივენ სიგალი "მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა აშშ-სთან და იაპონიასთან "კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის" გაღრმავებისთვის. ვლადიმირ პუტინის ბრძანება რუსეთის სახელისუფლებო ვებგვერდზე 27 თებერვალს გამოქვეყნდა.

სიგალს მაყურებლები მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით იცნობენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია 1992 წლის "Under Siege" (ალყაში). ფილმში ის სამხედრო მზარეულის როლს ასრულებს, რომელიც ბირთვული რაკეტებით დატვირთულ ხომალდს გადაარჩენს ტერორისტებისგან. მისი ბოლო ფილმი გამოვიდა 2019 წელს. კინოპორტალ IMDB-ზე იგი შეფასებულია 3,7 ქულით, 10-დან. მაყურებლების და კრიტიკოსების გული უკანასკნელ წლებში მისმა ვერც ერთმა ფილმმა ვერ მოიგო.

"სტივენ სიგალის ერთადერთი ადამიანური ქმედება ისაა, რომ დასავლეთში ფილმების გაკეთება შეწყვიტა", - დაწერა ტვიტერზე ამერიკელმა ისტორიკოსმა იან გარნერმა.

XS
SM
MD
LG