რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საომარი "მიზნებისთვის" რუსეთის არმიამ შესაძლოა, არა მხოლოდ კიევზე, არამედ ლვოვზეც გაილაშქროს.
ამის შესახებ მედვედევმა 23 მარტს რუსეთის პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„აქ არ შეიძლება არაფრის გამორიცხვა. თუ საჭიროა კიევამდე მისვლა, მაშასადამე უნდა წავიდეთ კიევზე. თუ ლვოვამდე - მაშინ ლვოვზე უნდა წავიდეთ, იმისთვის, რათა ეს გადამდები სენი ამოვძირკვოთ“, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა, რომელმაც კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი არა უკრაინას, არამედ ნატოს ებრძვის.
მედვედევმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი ვერ დაუშვებდა ნატოში უკრაინის შესვლას. მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციაც“ ამიტომ დაიწყო და დასავლეთი შეცდა, როცა ეგონა, რომ რუსეთი ამას ვერ გააკეთებდა. მედვედევმა ისიც გაიმეორა, რომ დასავლეთს რუსეთის დანაწევრება სურს.