Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო "რომის სტატუტის" რატიფიცირებას


სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 მარტს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, მწვანე შუქი აუნთო სომხეთის პარლამენტის მიერ რომის წესდების (იგივე "რომის სტატუტის") რატიფიცირებას.

რატიფიცირების შემდეგ სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას ოფიციალურად აღიარებს და მის გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს.

გადაწყვეტილება დაემთხვა ICC-ის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას.

რომის წესდება იტალიის დედაქალაქში 1998 წელს მიიღეს და ძალაში 2002 წელს შევიდა. წესდებას სომხეთმა 1999 წელს მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.

2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წესდება წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონთან.

საერთაშორისო ხელშეკრულება „რომის სტატუტი“, რომელიც ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს, მსოფლიოს 123 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული.

ჰააგის სასამართლო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მეოცე საუკუნის ბოლოს შეიქმნა და რომელიც იძიებს მძიმე საერთაშორისო სამართალდარღვევებს. მაგალითად, გენოციდს, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. სწორედ ამ დანაშაულების ნუსხაა გაწერილი რომის წესდებაში.

სომხეთს ჰააგის სასამართლოში გაწევრიანება აზერბაიჯანის წინააღმდეგ დიპლომატიური ფრონტის გასაძლიერებლად სჭირდება. როგორც სომხეთის მთავრობა წერს, ეს საჭიროება „განპირობებულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული მასშტაბური სამხედრო აგრესიით“.

2022 წლის 29 დეკემბერს სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დაიწყებოდა წესდების რატიფიცირების პროცედურა. თუმცა ამის წინაღობა საკონსტიტუციო სასამართლოს ძველი გადაწყვეტილება იყო.

მთავრობამ დეკემბრის ბოლოს მიმართა უმაღლეს სასამართლოს საკითხის ხელახლა განხილვის მოთხოვნით - იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის კონსტიტუცია ამ პერიოდში ორჯერ - 2005 და 2015 წლებში შეიცვალა.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაემთხვა 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემას.

სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია.

XS
SM
MD
LG