Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის საკრებულოს მუშაობა პარალიზებულია


რუსთავის საკრებულოს სხდომა.
რუსთავის საკრებულოს სხდომა.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეიდან, 24 მარტიდან, საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან, ფრაქციის განცხადებით, ადგილობრივი მერიის საფინანსო სამსახური წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებს და საკრებულოს ზოგიერთ დეპუტატს კუთვნილ ანაზღაურებას არ ურიცხავს.

ფრაქციის წევრები დღეს დაგეგმილ სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არშემდგარი კვორუმის გამო, სხდომა ჩაიშალა. ფრაქციამ სადავო საკითხის გამო 22 მარტს დაწყებული სხდომაც დატოვა.

საუბარია საკრებულოს აპარატის 14 თანამშრომლის ერთდღიანი საშვებულებო და ე.წ. ბიულეტენების ანაზღაურებაზე, ასევე საკრებულოს იმ წევრების ე.წ. სადეპუტატო სარგოებზე, რომლებსაც არ უკავიათ თანამდებობები.

ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ალექსანდრე ბერიძემ დღევანდელი სხდომის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქის მერი ხელოვნურად აყოვნებს საკრებულოს განკარგულებაზე ხელის მოწერას, რომლის საფუძველზეც მერიის საფინანსო სამსახურმა თანხა უნდა ჩარიცხოს.. ალექსანდრე ბერიძის თქმით, აპარატის თანამშრომლებს თებერვლის ანაზღაურებაც არ აიუღიათ.

„რუსთავის მერმა საფინანსო სამსახურს მიწერა, რომ არ იხელმძღვანელოს საკრებულოს დოკუმენტებით, რომელსაც საკრებულოს მიერ დამზადებული ბეჭედი არტყია. ეს ბეჭედი გამოყენებულია ჩვენს განკარგულებაზე, სადაც ანაზღაურებას მოვითხოვთ, თუმცა იგივე ბეჭედი არტყია საკრებულოს მიერ მიღებულ ზოგიერთ სხვა დოკუმენტს, რომელიც მერიის ინტერესებში შედიოდა და რომლის საფუძველზეც აღმასრულებელმა ორგანომ შესაბამისი ბრძანებები გამოსცა“, თქვა ბერიძემ. მისივე თქმით, „ადამიანებმა იმუშავეს და საკუთარი შრომის ნაყოფს ითხოვენ“.

რუსთავის საკრებულოს მიერ დამზადებულო სადავო ბეჭდის წარმოშობის საკითხის შესწავლის თხოვნით, ქალაქის მერიამ პროკურატურას უკვე მიმართა.

საქმე ისაა, რომ თვითმმართველობის ბეჭედი ქალაქის მერის განკარგულების საფუძველზე მზადდება შესყიდვების კანონის შესაბამისად. მერია მხოლოდ მისი ბრძანებით დამზადებულ თვითმმართველობის ბეჭედს მიიჩნევს ლეგიტიმურად. როგორც მერიის იურისტი მიხეილ მუზაშვილი ამბობს, საკრებულომ ბეჭედი კანონის გვერდის ავლით დაამზადა.

„მერიას სწორედ არალეგიტიმურად დამზადებული ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტები გადაეგზავნა, რომლითაც ანაზღაურებას ითხოვენ. ჩვენ არ ვიცით ამ ბეჭდის წარმოშობის წყარო და საფუძველი, დარღვეულია შესყიდვების კანონი, ამიტომაც საფინანსო სამსახური მივმართეთ პროკურატურას, რომ ეს საკითხი შეისწავლოს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მერიის იურისტი.

თავის მხრივ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია აცხადებს, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობამ წარმომადგენლობითი ორგანოს დოკუმენტების ოფიციალურად დამოწმების მიზნით მეორე ბეჭდის დამზადების თხოვნით, არაერთხელ მიმართა რუსთავის მერს, რაც უპასუხოდ რჩებოდა.

„მერიის მიერ დამზადებული მეორე ბეჭედი სულ რამდენიმე დღის წინ ჩაგვბარდა. მანამდე რუსთავის მერს არაერთხელ მივმართეთ, რომ ჩვენთვის ბეჭედი დაემზადებინათ, მაგრამ თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა და ამით საკრებულოს მუშაობას აფერხებდა“, ამბობს ნოდარ შეროზია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი ლიდერი.

რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურ უმრავლესობაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ერთი წევრი შედიან. ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე კი ქვეყნის მმართველი ძალის „ქართული ოცნების წევრია“.

საკრებულოში „ოცნების“ წარმომადგენელი, მარი ლიპარტელიანი ამბობს „საკრებულოს უმრავლესობა პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევა, როცა მიზეზად საკრებულოს აპარატის თანამშრომლების საჭიროებებს იყენებს".

მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია წარმომადგენლობით ორგანოში ქალაქის მერის ინიციატივების ჩაგდება, რაც ცუდად აისახება ქალაქზე.

XS
SM
MD
LG