Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ-ს ირანთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ სირიაში მყოფ ამერიკელებს დაიცავს


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. 20 მარტი, 2023 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. 20 მარტი, 2023 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 24 მარტს განაცხადა, რომ აშშ ირანთან კონფლიქტს არ ესწრაფვის, მაგრამ სირიაში თავისი პერსონალის დასაცავად იმოქმედებს.

აშშ მზად არის „იმოქმედოს გადაჭრით, რათა დაიცვას თავისი ხალხი“,- თქვა ბაიდენმა და განმარტა, რომ სწორედ ეს მოხდა გუშინ საღამოს მას მერე, რაც გასცა ბრძანება საპასუხო დარტყმა მიეყენებინა ობიექტებზე სირიაში, რომელსაც იყენებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ჯგუფები.

ბაიდენმა კანადაში, ოტავაში ვიზიტისას გასცა ბრძანება საჰაერო დარტყმის შესახებ მას მერე, რაც 23 მარტს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა თავდასხმა, რაშიც ირანთან დაკავშირებულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი და დაშავდა ექვსი სხვა ამერიკელი. პენტაგონის ცნობით, სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა „თვითმკვლელი დრონით“ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ბაზის ტექნიკური მომსახურების ობიექტზე ჰასაკის მახლობლად.

აშშ-ს 900-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში იმ დაჯგუფებებზე ზეწოლისთვის, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკასთან არიან დაკავშირებული და ასევე, ქურთების მეთაურობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად სირიის მთავრობასთან ბრძოლაში.

პენტაგონის თანახმად, აშშ-ის ორმა F-15-ის ტიპის ბომბდამშენმა განახორციელა შურისძიების იერიში 24 მარტს. ადამიანის უფლებების სირიის სამეთვალყურეო ცენტრის ცნობით, იარაღის საწყობში, დეირ ელ-ზურში მოკლული იქნა ექვსი პირი, ხოლო ხუთი - სამხედრო საგუშაგოებზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის თანახმად, დრონი, რომელმაც ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა, ირანული წარმოშობისა იყო, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ მოუტანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG