Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილი ზუგდიდელებს: "მოდით, ყველამ ერთად ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს: წადი!"


ლევან ხაბეიშვილი, ზუგდიდი. 2023 წ. 25 მარტი
ლევან ხაბეიშვილი, ზუგდიდი. 2023 წ. 25 მარტი

9 აპრილს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საინფორმაციო შეხვედრა გამართა ზუგდიდში. პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილმა, სკეიტ პარკში შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრეს, რომ 9 აპრილს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ “ქართული ოცნების”პოლიტიკას და მოითხოვენ ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12-პუნქტიანი პირობის შესრულებას, რომელიც კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს.

ლევან ხაბეიშვილის სიტყვებით, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია ერთად დგომა. მისივე განმარტებით, აქციები 9 აპრილამდე საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება:

“მოდით ყველამ ერთად ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს: წადი… ერთად დგომის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთად დგომის შემთხვევაში წარმოუდგენელია ბიძინა ივანიშვილმა შეძლოს და დაგვამარცხოს… ჩვენ აქედან ჩავალთ აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და საბოლოოდ 9 აპრილს დედაქალაქში მოვიყრით ყველა თავს და ვეტყვით რუსულ რეჟიმს - არა ბიძინა ივანიშვილს, არა რუსულ მთავრობას, ჩვენ გვინდა ევროპაში”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე.

პარტიის ლიდერებმა ასევე თქვეს, რომ აქციაზე მათი მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას განთავისუფლება.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა 9 აპრილის აქციის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს ზუგდიდის ქუჩებსა და ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG