Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: დაგეგმილი რეფორმა მუქარაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის


საპროტესტო გამოსვლები ისრაელში. თელ-ავივი, 25 მარტი, 2023.
საპროტესტო გამოსვლები ისრაელში. თელ-ავივი, 25 მარტი, 2023.

ისრაელში გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მოახლოებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგაა მიმართული. გამოსვლების მონაწილეთა აზრით, რეფორმა ანტიდემოკრატიულია. ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი გამოვიდა წინადადებით, რომ რეფორმის გატარების პროცესი შეჩერდეს. მისი თქმით, შექმნილი ვითარება მუქარას უქმნისას ქვეყნის უსაფრთხოებას.

გალანტი გამოვიდა წინადადებით, პროცესი მინიმუმ რამდენიმე თვით შეჩერდეს. მან აღნიშნა, რომ საპროტესტო განწყობა არსებობს ასევე ისრაელის არმიაში და უშიშროების სამსახურებში. მას მხარი დაუჭირა ოპოზიციის ლიდერმა, ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა. ლაპიდმა გალანტის განცხადებას უწოდა თამამი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ისრაელის უსაფრთხოებისთვის.

სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ზედიზედ მეთორმეტე კვირა გრძელდება. მათი ორგანიზატორების თქმით, გუშინ ქუჩებში გამოვიდა 600 ათასზე მეტი დემონსტრანტი. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ისრაელის მოსახლეობა 8 მილიონზე ოდნავ მეტია.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შეთავაზებული სასამართლო რეფორმა გულისხმობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას, თავად სასამართლო კი დაკარგავს მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლებას. პარლამენტმა მომავალ კვირაში უნდა გამოიტანოს რეფორმა კენჭისყრაზე. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ეს სასამართლოების დამოუკიდებლობის დაკარგვას მოასწავებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც კვლა იქნა არჩეული გასული წლის დეკემბერში, მიიჩნევს, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიზანია ხელისუფლებიდან მისი გადაყენება. ზოგიერთი დემონსტრანტი მართლაც გამოდის ასეთი მოწოდებებით. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ნეთანიაჰუმ უკვე მერვედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ამჟამად მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული კორუფციის ბრალდებით. თავად ნეთანიაჰუ უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG