Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა. 4 მარტი, 2020.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა. 4 მარტი, 2020.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელმა, ბულგარელმა ეკონომისტმა კრისტალინა გეორგიევამ 26 მარტს განაცხადა, რომ ფინანსური სტაბილურობის მიმართ საფრთხე გაიზარდა და განსაკუთრებული სიფხიზლის მოწოდებით გამოვიდა კრიზისის გამო, რომელსაც განიცდის უკანასკნელ ხანებში საბანკო სექტორი.

პეკინში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ, მისი ვარაუდით, 2023 წელი „გამოწვევების მორიგი წელი იქნება“: მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 3%-ზე დაბალი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და პანდემიიდან გამოყოლილი პრობლემების გამო.

გეორგიევამ ისაუბრა საფრთხეებზე, რომლებსაც ქმნის გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მსოფლიოს დანაწევრება მოქიშპე ეკონომიკურ ბლოკებად. ეს „სახიფათო დაყოფაა“, რის შედეგადაც ყველა უფრო ღარიბი და უფრო ნაკლებად დაცული იქნება, თქვა გეორგიევამ და დასძინა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ეკონომიკის ზრდა სუსტი იქნება.

დადებით ტენდენციებზე საუბრისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეტა ჩინეთზე.

მისი თქმით, IMF-ის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 5,2% იქნება, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა (2%-ზე მეტით) 2022 წელთან შედარებით.

IMF-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა დადებით ბიძგს აძლევს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას - ჩინეთის ეკონომიკის 1%-ით ზრდა აზიის სხვა ქვეყნების ეკონომიკის 0,3%-ით ზრდაში გარდაისახება.

XS
SM
MD
LG