Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელმა ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი


ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი. 1 მარტი, 2022.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა 26 მარტს ბელარუსს მოუწოდა, თავის ტერიტორიაზე არ განათავსოს რუსეთის ბირთვული იარაღი და ის მინსკს შემდგომი სანქციებით დაემუქრა.

„ბელარუსის მიერ თავის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის მიღება იქნებოდა უპასუხისმგებლო ესკალაცია და მუქარა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერაც შეუძლია ამის შეჩერება, ეს მისი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა, შემდგომი სანქციებით გასცეს მას პასუხი,“ დაწერა ბორელმა ტვიტერში.

შაბათს პუტინმა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი საკუთარ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში.

პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, რომელსაც შეუძლია ამ იარაღის გადატანა. ლუკაშენკამ ადრე თქვა, რომ ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ ბირთვული რაკეტების ტარება შეეძლებათ.

უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა პუტინის განცხადების გამო, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს.

კვირას ნატომ გააკრიტიკა რუსეთი და მის გადაწყვეტილებას „სახიფათო და უპასუხისმგებლო“ უწოდა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდეს; არ იზრდება არც ნატოს წევრთა სამხედრო მზადყოფნის დონე. ამგვარადვე შეაფასა ვითარება აშშ-მა. სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ბირთვულ ძალებს არ გადაიყვანენ გაზრდილი სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ ბელარუსში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და არღვევს მის არაბირთვულ სტატუსს. „რუსეთი ოკუპანტივით იქცევა, ვნებს ეროვნულ უსაფრთხოებას და ბელარუსს მისი მეზობლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ აქეზებს,“ თქვა ციხანოუსკაიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG