Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე მიგრანტთა ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად


სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა აშშ-ის საზღვართან, ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქ სიუად ხუარესში მიგრანტთა ცენტრში მომხდარი ხანძრის დროს.

სააგენტო Associated Press-ის თანახმად, ხანძარი ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა. ამ დროისთვის ცენტრში ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან გამოსული 68 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველმა Reuters-ს განუცხადა, რომ სპეციალურ სანიტარულ ტომრებში ჩადებული ცხედრები დაინახა. ამ ცენტრში მყოფი ბევრი მიგრანტი ვენესუელის მოქალაქეები იყვნენ.

ვარაუდობენ, რომ ბევრი მათგანი ის მიგრანტია, რომლებიც წინა დღით ქალაქში დააკავეს და დახურულ შენობაში ჰყავდათ გამოკეტილი, - წერს BBC-ის რუსული სამსახური. გამოცემა ადგილობრივ გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე შენობაში ჩხუბი ატყდა. ზოგიერთი ცნობით, მიგრანტებმა პროტესტის ნიშნად ლეიბებს ცეცხლი წაუკიდეს.

ბოლო კვირების განმავლობაში მექსიკის სასაზღვრო ქალაქებში მიგრანტების რაოდენობის თავმოყრა გამოიწვია ხელისუფლების მცდელობამ, ახალი სამთავრობო განაცხადის გამოყენებით დაამუშაოს თავშესაფრის მიღების შესახებ მიმართვები.


მარტის დასაწყისში, 30-ზე მეტმა მიგრანტმა თავშესაფარმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც ისინი მექსიკაში, სიუად ხუარესში მყოფი მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა კრიმინალიზაციის შესახებ ჩიოდნენ. ისინი ხელისუფლებას საპოლიციო რეიდების დროს მიგრანტებზე ძალადობასა და გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

ბოლო წლებში მექსიკამ, შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ, გააძლიერა ძალისხმევა მიგრაციის ნაკადის შესაკავებლად. პროტესტი და არეულობები დროდადრო ხდება მიგრანტების დაკავების ცენტრებში.

XS
SM
MD
LG