Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არცერთი პოლიტიკოსი არ ადასტურებს, რომ მელია, დეკანოიძე და გილაური პარტიას ქმნიან


ნიკა მელია, ნიკა გილაური და ხატია დეკანოიძე
ნიკა მელია, ნიკა გილაური და ხატია დეკანოიძე

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური არ ადასტურებენ პარლამენტის დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის გავრცელებულ ინფორმაციას. ყველა მათგანი უარყოფს, რომ ქმნიან პარტიას.

"ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება", - წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუკზე".

ნიკა მელიამაც სოციალური ქსელების საშუალებით უპასუხა გაჟღერებულ ინფორმაციას.

"ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია... კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ", - აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა გილაურმა "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია:

"[არ] ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“. ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი".

პარლამენტის წევრმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში ისაუბრა ახალი პარტიის შექმნაზე:

"240 მილიონს რომ გაჩუქებენ, მერე როცა უნდათ მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას. [ბიძინა ივანიშვილის დავალებით ნიკა გილაური ქმნის პარტიას] და იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია... [ხატია] დეკანოიძე ჩართულია ამ ამბავში... არ ვიცი, მისი თანხმობა, მგონი უკვე არის..."

ნიკა გილაური "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2009-2012 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა მელია პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ 2020-2023 წლებში იკავებდა თავმჯდომარის თანამდებობას, ხატია დეკანოიძე კი პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

XS
SM
MD
LG