Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრუშევი: უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობს "რამშტაინის კოალიციის" 50-მდე ქვეყანა


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების მხრიდან უკრაინისადმი მზარდი სამხედრო დახმარების მიუხედავად, რუსეთი აუცილებლად მიაღწევს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ცნობით, პატრუშევმა ეს განაცხადა ინდოეთის დედაქალაქ დელიში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების ხელმძღვანელების შეხვედრაზე. ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი.

პატრუშევის თქმით, რუსეთი „მიაღწევს უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას, უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ მთლიანობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას“. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა „უკრაინის კრიზისს“ უწოდა „ამერიკელებისა და მათი სატელიტების მიერ პროვოცირებული“ და განაცხადა, რომ „რამშტაინის კოალიციაში“ შემავალი, დაახლოებით 50 ქვეყანა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობს „კიევის რეჟიმის მხარეს“.

პატრუშევი გულისხმობდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შეერთებული შტატების მიერ 2022 წელს შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ეს ფორმატი რამშტაინის სახელითაა ცნობილი, რადგან ჯგუფის პირველი შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ ბაზაზე ჩატარდა. ჯგუფის წევრია საქართველოც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას უშუალოდ სამხედრო დახმარებას არ უწევს.

XS
SM
MD
LG