საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პროცესი დაიწყო თბილისის ქუჩებში დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით. ამის შესახებ მან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ "დემოკრატიის სამიტზე" ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
"ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.
ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი", - განაცხადა მან.
მანვე გამოთქვა მზადყოფნა, ქვეყანამ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობის საკითებში.
"ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს", - დასძინა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა უკრაინაში ომზე საუბრით დაიწყო და ამ საკითხს დაუთმო თავისი სიტყვის პირველი ნაწილი:
"უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად".
აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით "დემოკრატიის სამიტი" ყოველწლიურად იმართება. გასულ წელსაც საქართველოდან სამიტში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა.