Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გმობს ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის დაკავებას. ამერიკელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდეს


ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი
ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კატეგორიულად დაგმო რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური გამოცემა The Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტს ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

ბრალდებას სასაცილო უწოდა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა. მისი განცხადებით, დაუშვებელია რუსეთის ხელისუფლების მიერ შეერთებული შტატების მოქალაქეთა დევნა და რეპრესიები ჟურნალისტების წინააღმდეგ. თეთრი სახლის პრესმდივნის ინფორმაციით, ევან გერშკოვიჩის დაკავების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტს შესაბამისი კონტაქტი აქვს რუსეთის მთავრობასთან.

ევან გერშკოვიჩის დაკავება დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთში მყოფ ამერიკელებს მოუწოდა, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

30 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც „ამერიკული მხარის დავალებით მოქმედებდა“ და "აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.

ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია შპიონაჟის მუხლით, რომელიც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ევან გერშკოვიჩი ეკატერინბურგიდან გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არსებული ინფორმაციით, ამერიკელი ჟურნალისტი ამზადებდა მასალას რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შესახებ. გამოცემა The Wall Street Journal-მა რუსეთისგან მოითხოვა ევან გერშკოვიჩის. დაუყოვნებლივ გაათავისუფლება. ამერიკული გამოცემა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებას, რომ გერშკოვიჩი შეერთებული შტატების დავალებით ჯაშუშობდა.

ევან გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა შპიონაჟის ბრალდებით დააკავა.

XS
SM
MD
LG