Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი რუსეთს Wall Street Journal-ის დაპატიმრებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს


The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. 30 მარტია. 2023 წელი
The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. 30 მარტია. 2023 წელი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 31 მარტს რუსეთს მოუწოდა Wall Street Journal-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მოსკოვში, სასამართლო პროცესის მოლოდინში, პატიმრობაში იმყოფება.

"გამოუშვით!", გამოთქვა მოწოდება ბაიდენმა, როცა თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

30 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც „ამერიკული მხარის დავალებით მოქმედებდა“ და "აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.

ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯაშუშობის მუხლით, რომელიც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. The Wall Street Journal-მა გაავრცელა განცხადება, სადაც აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს ზეწოლა მოახდინოს რუსეთის მთავრობაზე: "ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს დიპლომატიური და პოლიტიკური ესკალაცია. რუსეთის ელჩის გაძევება შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ყველა რუსი ჟურნალისტი, რომელიც აქ მუშაობს, არის მინიმუმი, რასაც უნდა ველოდეთ", - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში. The Wall Street Journal-მა რუსეთისგან მოითხოვა ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. გამოცემა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებას, რომ გერშკოვიჩი შეერთებული შტატების დავალებით ჯაშუშობდა.

არსებული ინფორმაციით, ამერიკელი ჟურნალისტი ამზადებდა მასალას რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შესახებ. ევან გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

XS
SM
MD
LG