რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა სამხედრო კორესპონდენტის და ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის (ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი) მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 26 წლის დარია ტრეპოვა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები წერენ.
„ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის შსს-მ ტრეპოვა დღეს შეიყვანა ძებნილთა ბაზაში. შესაბამისად, არ დადასტურდა „ინტერფაქსის“ მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრეპოვა დაკავებულია.
უკრაინის წინააღმდეგ ომის და პუტინის იდეოლოგიის აქტიური მხარდამჭერი ვლადლენ ტატარსკი 2 აპრილს ააფეთქეს სანქტ-პეტერბურგის კაფე "სტრიტფუდ ბარში", სადაც მკითხველებს ხვდებოდა.
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ კაფე მას ეკუთვნოდა.
რუსული სააგენტოები სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო, ვლადლენ ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ სტატუეტში იყო ჩამონტაჟებული.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 3 აპრილს განახლებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიჭრა 32 ადამიანი, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა".
სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტვიტერზე გამოქვეყნებული კომენტარით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მისი შეფასებით, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.