37 წლის ქალი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში ყოფილმა ქმარმა დაჭრა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის" პრესსამსახურში ჟურნალისტებს პაციენტის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ აწვდიან.
ადგილობრივების თანახმად, 50 წლამდე კაცმა ყოფილი ცოლი 1 აპრილს, გვიან ღამით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მრავლობითი ჭრილობებით ქალი უგონო მდგომარეობაში მეზობლებმა იპოვეს.
კაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ხობში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.