საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ მის ევროპელ მეგობრებთან ერთადაა.
საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
"ჩვენი ქვეყნებს გავლილი გვაქვს ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის... თქვენმა ქვეყანამ ჩვენზე ადრე მიაღწია შედეგს და მიზანს. საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა მუდმივად და ურყევად უჭერს მხარს და ამისთვის მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება... საქართველოს მეგობრების გარეშე არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელობაზე.
"თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში... ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე.
დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მთავარი მიზანი.
"2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც ჩვენსა და ევროპას შორის იყო, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა - საქართველო ეკუთვნის თუ არა ევროპულ ოჯახს - აღარ არსებობს. დღეს კანდიდატის სტატუსის მოპოვება არის უალტერნატივო მიზანი", - აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილმა გაიხსენა რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაზე სამხედრო აგრესიაც:
"ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას დღევანდლის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. მე თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა და თანადგომაც მახსოვს, 2008 წლის აგრესიისა და ომის შემდგომ, მაგრამ ეს არ იყო მთლიანად ევროპის ერთიანობა, რომელიც იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ეს მისი მეორე ოფიციალური ვიზიტია პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში გაემგზავრა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.