Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკო დაიცავს უკრაინის კულტურულ ინფრასტრუქტურას


იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინა. 3 აპრილი, 2023 წელი
იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინა. 3 აპრილი, 2023 წელი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის კულტურის სექტორს მიადგა 2,4 მილიარდი ევროს ოდენობის ზიანი, ხოლო კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის სფეროებში დანაკარგების ოდენობა გაუტოლდა 13,9 მილიარდ ევროს, ნათქვამია გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უწყების, იუნესკოს მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ანგარიშში. 22 მარტის მონაცემებით, უკრაინაში დაზიანებული ან განადგურებული იყო კულტურის სულ მცირე 248 ობიექტი.

იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე უკრაინაში ორდღიანი ვიზიტითაა ჩასული. ის ეწვია კიევს და ჩერნიგოვს, სამშაბათს კი ოდესაში ჩავა. იანვრის ბოლოს ოდესის ისტორიული ცენტრი შეიტანეს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში, რამაც კულტურის ობიექტები უნდა დაიცვას რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლისგან.

იუნესკო საგანგებო ვებგვერდზე აქვეყნებს უკრაინის ყველა ქალაქში აღრიცხული ნგრევის შემთხვევებს. როგორც სააგენტო "ფრანს-პრესი" იუწყება, ოდრე აზულე მიიჩნევს, რომ უკრაინაში კულტურის ძეგლების სამომავლო აღდგენას დასჭირდება 6,4 მილიარდი ევრო.

ოდესა წარმოადგენს უკრაინის მეშვიდე კულტურულ ობიექტს, რომელიც შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის გაძლიერებული დაცვის ნუსხაში, იუწყება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო. იუნესკოს "საორიენტაციო" სიაში კიდევ ექვსი ობიექტია, ჩერნიგოვის ცენტრის ჩათვლით, რომელიც ომის პირველ თვეებში დაზიანდა. ამ ობიექტების სიაში შესატანად უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადი უნდა შეიმუშაოს.

კულტურის ინფრასტრუქტურის ნგრევა ძირითადად ეხება ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის არეალებს - აღრიცხული ნგრევის 60 პროცენტი მათზე მოდის.

შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ღირებულებების დაცვას ჰააგის 1954 წლის კონვენცია ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG